Accessibility links

logo-print logo-print

ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას სახაროვის პრემია მიენიჭა


ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია (ცენტრშიი), ვერანიკა ციპკალა (მარცხნივ) და მარია კალესნიკავა. 2020 წ. 17 ივლისის ფოტო.

ევროპარლამენტმა ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას 2020 წლის სახაროვის პრემია მიანიჭა.

„მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ქალები და კაცები არიან 2020 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატები,“ განუცხადა ევროპელ კანონმდებლებს ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ.

დაჯილდოების ცერემონია ევროპარლამენტში გაიმართება 16 დეკემბერს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო არ არის ნათელი, საკანონმდებლო ორგანოს ბრიუსელის შენობაში მოხდება ეს თუ სტრასბურგისაში.

პრემია მიენიჭათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა შორის არიან: სვიატლანა ციხანოუსკაია; მარია კალესნიკავა; ვერანიკა ცაპკალა; ვოლჰა კავალკოვა; სიარჰეი დილეუსკი; ნობელის პრემიის ლაურეატი სვიატლანა ალექსიევიჩი; სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლე, პატიმრობაში მყოფი სიარჰეი ციხანოუსკი; ტელეგრამის არხ NEXTA-ს დამაარსებელი სციაპან პუცილა; ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ წარმომადგენელი ალეს ბიალიაცკი; პოლიტპატიმარი მიკალაი სტატკევიჩი, რომელიც 2010 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი.

ევროპარლამენტის სამივე უდიდესმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი ბელარუსის ოპოზიციისთვის პრემიის მინიჭებას.

სახაროვის პრემიის კანდიდატთა შორტლისტში იყვნენ ასევე ჰონდურასელი გარემოს დამცველები და ერაყის ქალაქ მოსულის არქიეპისკოპოსი ნაჯიბ მიხაელი.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ბელარუსში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, დაპატიმრებულია ათი ათასზე მეტი ადამიანი.

ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლების სათავეში, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა ლუკაშენკას სასარგებლოდ გააყალბეს და რომ გაიმარჯვა მათმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

აშშ და ევროპის კავშირი არ აღიარებენ ლუკაშენკას გამარჯვებას.

ადამიანის უფლებების სფეროს ეს ჯილდო ატარებს საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის სახელს. ის 1988 წელს დააწესა ევროპის პარლამენტმა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების ღვაწლის აღსანიშნავად, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს იცავენ.

ეს პრემია ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციას მიენიჭა 2004 წელს და ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატ ალიაქსანდრ მილინკევიჩს - 2006 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG