Accessibility links

რუსეთი: დაჯარიმდა ფილტვების სავენტილაციო აპარატ Aventa-M-ის მწარმოებელი


სვერდლოვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლომ 500 ათასი რუბლით დააჯარიმა ურალის ხელსაწყოების მშენებელი ქარხანა, რომელიც აწარმოებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატ Aventa-M-ს. ამის შესახებ ინტერფაქსი იუწყება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

სასამართლომ დააკმაყოფილა მაკონტროლებელი უწყების, „როსზდრავნადზორის“ სარჩელი რუსეთის ტერიტორიაზე უხარისხო სამედიცინო მოწყობილობების გაყიდვის ბრალდებით.

რუსეთში აპარატი Aventa-M-ი აიკრძალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საავადმყოფოში მოხდა მისი აალება, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ის ივლისის ბოლოს კვლავ დაუშვეს ექსპლუატაციაში.

„როსზდრავნადზორმა“ Aventa-M-ის შემოწმების შედეგად აღმოაჩინა სხვა დარღვევებიც, რომლებსაც არა აქვს აალებასთან პირდაპირი კავშირი.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა რუსეთიდან მიღებული 45 Aventa-M-ი გადაყარა. კრემლმა აშშ-ში აპარატების გაგზავნას ჰუმანიტარული დახმარება უწოდა. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აშშ-მა ტვირთის უდიდესი ნაწილის ფასი გადაიხადა. გარდა ამისა, აპარატის მწარმოებლის თაობაზე გაჩნდა შეკითხვები, ვინაიდან მასზე აშშ-ის სანქციები ვრცელდება.

მაისში აშშ-მა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ უარი თქვა შეძენილი Aventa-M-ების გამოყენებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG