Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ ესპანური სერიალის შთაგონებით არაერთი ძარცვა ჩაუდენიათ


2018 წლის დეკემბერში თურქეთში ძარცვების სერია მოხდა. ხუთმა მამაკაცმა სტამბოლის 13 მაღაზიიდან 180 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროსაქონელი გაიტაცა. თავდამსხმელებს სათხილამურო ნიღბები ეკეთათ და პროფესიონალურად მოქმედებდნენ - ერთი მაღაზიის ძარცვას, მაგალითად, სულ რაღაც 45 წამი დასჭირდა.

დამნაშავეები ორი თვის შემდეგ, სათვალთვალო კამერების ანალიზის შედეგად დააკავეს. პოლიციისთვის მოულოდნელად, ისინი თინეიჯერები აღმოჩნდნენ - მხოლოდ ერთი იყო 20 წლის. ყველაზე უმცროსი კი 13 წლისა გახლდათ.

მძარცველების თქმით, დანაშაული სატელევიზიო სერიალის “ქაღალდის სახლის“ შთაგონებით ჩაიდინეს, მისი გმირების მსგავსი ნიღბები და ხელთათმანები გამოიყენეს და ეკრანზე ნანახი დეტალებიც გაითვალისწინეს - სერიალის გმირების მსგავსად, ფეხსაცმელებს იცვლიდნენ და ძარცვისას მანქანის მოპარულ ნომრებს იყენებდნენ.

ესპანური სერიალი La Casa de Papel მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის სტრიმინგ კომპანია Netflix-მა შეიძინა. სერიალის მთავარი გმირი „პროფესორის“ სახელით ცნობილი კრიმინალია, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფს კრავს გაბედული ძარცვის განსახორციელებლად. „ქაღალდის სახლს“ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უყურებს. ის, როგორც ჩანს, საქართველოშიც პოპულარულია. “ქაღალდის სახლის“ ხსენებას არაერთხელ შეხვდებოდით სოციალურ ქსელებში 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ.

თურქეთში მომხდარი ძარცვა ერთადერთი არ ყოფილა, რომლის ჩამდენებიც, სავარაუდოდ, ამ სერიალით იყვნენ შთაგონებულნი.

2018 წლის ზაფხულში ინტერპოლმა ორი მაროკოელი დააკავა, რომლებმაც, ერთი თვით ადრე, საფრანგეთში ორი სასტუმრო გაძარცვეს. დამნაშავეებს სერიალის გმირების მსგავსი ნიღბები ეკეთათ.

„ქაღალდის სახლის“ კვალი გამოჩნდა 2020 წლის მარტში, ინდოეთის ტამილნადუს შტატში მომხდარ ძარცვაშიც, სადაც რამდენიმე ნიღბიანმა საიუველირო მაღაზიიდან 2 მილიონ დოლარამდე ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა. თავდამსხმელთა ნაწილმა მიმალვა შეძლო, რამდენიმე კი დააკავეს. მათ შორის იყო ორგანიზატორი, რომელიც საკუთარ თავს, სერიალის გავლენით, „პროფესორს“ უწოდებდა და ამბობდა, რომ ძარცვის იდეა სწორედ ესპანური კრიმინალური დრამის ნახვის შემდეგ მოუვიდა.

„ქაღალდის სახლს“ ახსენებდნენ მექსიკაში წლევანდელ აგვისტოში მომხდარი ძარცვის შემდეგაც. ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ზარაფხანიდან 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტაცა. მძარცველები ვერ დააკავეს, ამიტომ უცნობია, მოახდინა თუ არა La Casa de Papel-მა მათზე გავლენა. თუმცა, პარალელები ბუნებრივად გაჩნდა - მექსიკურ ზარაფხანას La Casa De Moneda ჰქვია.

თუმცა, როგორც ჩანს, ესპანური სერიალი მხოლოდ მძარცველთა შთაგონებაც არ გამხდარა. „ქაღალდის სახლი“ მხოლოდ დანაშაულზე კი არა, რევოლუციურ სულისკვეთებაზეცაა - მესამე სეზონის სლოგანია, მაგალითად, „შეუერთდი წინააღმდეგობას“.

ამ მოწოდებას პუერტო-რიკოში გამოეხმაურნენ, სადაც, 2019 წლის ივლისში, გმირების ფორმაში გადაცმული მომიტინგეები გუბერნატორ რიკარდო როსელოს გადადგომას ითხოვდნენ.

ჯერჯერობით “ქაღალდის სახლის“ სულ 4 სეზონია გამოსული. ზაფხულში „ნეტფლიქსმა“ გამოაცხადა, რომ ესპანური სერიალის მეხუთე და საბოლოო სეზონს დააფინანსებდა. კრიმინალური დრამა, სავარუდოდ, 2021 წელს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG