Accessibility links

ხუთი თვე ორმოში და დატყვევებული შს მინისტრი - მძევლად აყვანის შემთხვევები საქართველოში


დამოუკიდებლობის პირველ წლებში მძევლების აყვანა, ფულის გამოძალვის თუ ანგარისწორების მიზნით, იშვიათი მოვლენა არ იყო. რადიო თავისუფლება იხსენებს ყველაზე გახმაურებულ ისტორიებს. ამ კრიმინალური შემთხვევების ნაწილი გამოუძიებელი დარჩა.

1992 წელი - შს მინისტრი მძევლად

1992 წელს სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მძევლად შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე აიყვანეს. ის ზუგდიდში მანამდე დატყვევებული სანდრო კავსაძის გამოსახსნელად იყო ჩასული, რომელიც მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. რომან გვენცაძე მოგვიანებით აფხაზეთში გადაიყვანეს და სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

თენგიზ კიტოვანი და რომან გვენცაძე
თენგიზ კიტოვანი და რომან გვენცაძე

ტრუსების ამარა დარჩენილი რომან გვენცაძე

რომან გვენცაძე ჟურნალისტებთან ხშირად იხსენებდა კურიოზულ შემთხვევას, რომელიც მას ჯერ კიდევ საბჭოთა მილიციაში სამსახურის დროს შეემთხვა. თავდამსხმელმა შუა ქუჩაში ტაქსის მძღოლი აიყვანა მძევლად, გვენცაძეს კი ულტიმატუმი წაუყენა, მოლაპარაკებაზე ტრუსებით მოდი, რომ დავრწმუნდე, იარაღს არ მალავო.

თავდამსხმელი მანქანაში გახსნილი ყუმბარით იჯდა და აფეთქებით იმუქრებოდა. გვენცაძემ გათავისუფლების ოპერაცია, მართლაც, ტრუსების ამარამ ჩაატარა.

1998 წელი - დაკრძალვაზე აფეთქებული ხუთი კაცი

1998 წლის თებერვალში გოჩა ესებუამ თანამზრახველებთან ერთად სამეგრელოში მძევლად გაეროს ოთხი დამკვირვებელი აიყვანა. მისი მოთხოვნა გამსახურდიასა და შევარდნაძის მთავრობებს შორის მოლაპარაკების დაწყება იყო. გამტაცებლები მძევლებს ჰუმანურად ექცეოდნენ და მათი გათავისუფლების ოპერაციამაც უმსხვერპლოდ ჩაიარა, მაგრამ მოგვიანებით, მარტში, ჩატარდა კიდევ სპეცოპერაცია, რომელიც მიმალვაში მყოფი ესებუას დაკავებას ისახავდა მიზნად. ამ სპეცოპერაციის დროს გოჩა ესებუა მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი მის დაკრძალვაზე მომხდარმა აფეთქებამ ხუთი ადამიანი შეიწირა.

2000 წელი - ელიავას ლიკვიდაცია

2000 წლის 9 ივლისს ზესტაფონში მოკლეს ზვიად გამსახურდიას მთავრობის პოლკოვნიკი აკაკი ელიავა, რომელმაც, თითქოსდა, მძევლად აიყვანა პოლიციის თანამშრომლები, თუმცა ელიავას ლიკვიდაცია საეჭვო ვითარებაში მოხდა – იმ დროს [მკვლელობის მომენტისთვის] დანამდვილებით ვეღარავინ იტყოდა, რომ პოლიციელები ელიავას მძევლებად რჩებოდნენ.

2001 წელი - ორჯერ ნაპოვნი ცხედარი

2001 წლის 29 მაისს თბილისის ქუჩიდან გაიტაცეს თბილისის ახლანდელი მერის, მაშინ კი „მილანის“ ფეხბურთელის, კახა კალაძის ძმა, ლევან კალაძე. მის გათავისუფლებაში გამტაცებლები 600 ათას დოლარს ითხოვდნენ. ოჯახის წევრები 60 ათასზე დათანხმდნენ, თუმცა პარალელურად პოლიციასაც მიმართეს. ამის შემდეგ გამტაცებლები კავშირზე აღარ გამოსულან.

კახა კალაძე და ლევან კალაძე
კახა კალაძე და ლევან კალაძე

2005 წელს ლევან კალაძის ნეშტს უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზე მიაგნეს. გაირკვა, რომ კალაძე გატაცებიდან ერთ თვეში უკვე მოკლული იყო. გვამი მაშინაც იპოვეს, მაგრამ, მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, არავის მოსვლია აზრად, რომ ის ლევან კალაძის გვამი იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ის იყო, რომ საქმის მასალებში არ არსებობდა ჩანაწერი, თუ რა ეცვა გატაცებულს დაკარგვის დღეს.

2006 წელს, ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობისთვის ოთხი პირი დააპატიმრეს: მერაბ ამისულაშვილი, თემურ გაგნიძე, დავით ასათიანი და ლევან ცინცაძე.

2002 წელი - დღემდე დაკარგული მარიამი

2002 წლის ივლისში 14 წლის მარიამ გოგინაშვილი წყნეთიდან გაიტაცეს. მის გათავისუფლებაში დამნაშავეები ათიათასობით დოლარს ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა ფული შეაგროვა და გამტაცებლებს გადაუხადა, გოგონა დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. უამრავ ვარაუდს შორის გამოითქვა ის აზრიც, რომ, სინამდვილეში, მარიამი შურისძიების მიზნით იყო გატაცებული, ხოლო ფული ოჯახს არა გამტაცებლებმა, არამედ სხვა პირებმა გამოსძალეს.

2002 წელი - ხუთი თვე ორმოში

2002 წელსვე, 18 ივნისს, შვიდმა შეიარაღებულმა პირმა თბილისიდან გაიტაცა „აგრობიზნესბანკის” თანადირექტორი და კონსულტანტი პიტერ შოუ. მისი გათავისუფლება მხოლოდ 5 თვის შემდეგ მოხერხდა. პიტერ შოუ ჰყვებოდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ორმოში შებორკილი იჯდა. გამტაცებლები მისგან მოითხოვდნენ, ოჯახისთვის წერილი მიეწერა და გათავისუფლების სანაცვლოდ მილიონი დოლარი გადაეხადა.

პიტერ შოუ
პიტერ შოუ

პიტერ შოუ მაშინ გამოიხსნეს, როცა გამტაცებლებს ის სხვა ადგილას გადაჰყავდათ. პოლიციასთან შეტაკების დროს დამნაშავეებიდან ერთი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა, რამდენიმემ კი გაქცევა მოასწრო. უკვე ბრიტანეთში დაბრუნებული პიტერ შოუ ჰყვებოდა: წამიყვანეს შტაბში, სადაც უშიშროების მინისტრის მოადგილე შემხვდა და მითხრა: არ ვიცი, აქ როგორ მოხვდი, მაგრამ უსაფრთხო ადგილას კი მოხვდიო.

თავდაპირველად პიტერ შოუს გატაცება პანკისელ შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილს ბრალდებოდა, მასვე ედებოდა ბრალად პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილისა და ორი ესპანელი ბიზნესმენის გატაცებაც, თუმცა 2005 წელს ჭიჭიაშვილს პიტერ შოუს გატაცების ბრალდება მოუხსნეს.

რაც შეეხება პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილს, ის თავის შეყვარებულ ანა სურმავასთან ერთად 2001 წლის 7 მაისს გაიტაცეს პანკისის ხეობაში. მათი გათავისუფლება რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა.

2002 წელი - სნაიპერის ტყვია

2002 წლის 19 აგვისტოს თავდამსხმელმა ვაგზლის მოედანზე საიუველირო მაღაზია გაძარცვა და 3 მძევალთან ერთად დასავლეთისკენ დაიძრა. ის შეიარაღებული იყო და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიციამ მოახერხა, თავდამსხმელი მცხეთასთან გაეჩერებინა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გამთენიისას გამტაცებელი სნაიპერმა მოკლა. „ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა“, - განაცხადა მაშინდელმა შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG