Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ტესტების დეფიციტია, ადგილობრივი მცხოვრებნი კოვიდსტატისტიკას არ ენდობიან


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფექციურ საავადმყოფოში 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც საავადმყოფოში წუხელ მიიყვანეს. ამ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ელეონორა ჯიოევი ავრცელებს.

მისი თქმით, მამაკაცს აღენიშნებოდა მწვავე პნევმონია, რომელსაც სახლის პირობებში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ელეონორა ჯიოევა ამბობს, რომ პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

"ის ინფექციურ განყოფილებაში შეიყვანეს, დაახლოებით, შუაღამისას. პაციენტი მკურნალობდა საკუთარ სახლში, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში. სამედიცინო გამოკვლევამ საავადმყოფოში გამოავლინა ორმხრივი პნევმონია. იგი მძიმე მდგომარეობაში იყო. სამწუხაროდ, არდაიცვალა", - განმარტა ექიმმა. საავადმყოფოში ასევე აღნიშნეს, რომ მამაკაცს დიაბეტიც აწუხებდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 23 ოქტომბერს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის, მარინა კოჩიევას, ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან სულ 367 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 277 რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.

ამ სტატისტიკის სანდოობაში უკვე ეჭვი ეპარებათ ცხინვალელ სამოქალაქო აქტივისტებს. პატარა საზოგადოებაში ინფორმაციას ერთმანეთს სწრაფად უზიარებენ და იციან, რომ ტესტები თითქმის ამოწურულია საავადმყოფოში და ინფიცირებულებს კერძო ლაბორატორიაში გზავნიან, სადაც ანალიზის ჩატარება 1650 რუბლი (დაახლოებით, 70 ლარი) ღირს. ამ ანალიზს ბევრი არც იტარებს და მკურნალობას სახლში აგრძელებს. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ „რესპუბლიკაში“ სრული ქაოსია.

ცხინვალი, 2019 წლის სექტემბერი.
ცხინვალი, 2019 წლის სექტემბერი.

„სასწრაფო დახმარების მანქანები გამოძახებებზე გასვლას ვეღარ ასწრებენ. გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა და ხშირად ინფიცირებულების საავადმყოფოებში გადაყვანის დროს მთავარი რეკომენდაციები ირღვევა. სახლებიდან საკაცეების გამოტანაში სასწრაფოს ექიმებს უბრალო მოხალისეები ეხმარებიან და მათი დაავადების რისკი მაღალია. სტატისტიკას უკვე ვეღარ ვენდობით, რადგან ვიცით, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ავადმყოფობს და მათ საავადმყოფოში ტესტსაც კი ვეღარ უკეთებენ. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცზე კი დიაგნოზის სახით თქვეს, რომ ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და კორონავირუსს აღარ აცხადებენ. კლინიკური ნიშნების მქონე ადამიანებს კერძო ლაბორატორიაში აგზავნიან, სადაც ტექტის აღება საკმაოდ ძვირია და ამას ყველა ვერც აკეთებს, ამიტომ სახლებში რჩებიან და იქ ავადმყოფობენ“.

ცხინვალის მცხოვრებ ზარინას და მისი ოჯახის წევრებს კოვიდ-19 სექტემბრის ბოლოს დაუდგინდა. ახლა ის თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ განმეორებითი ტესტის ჩატარებაზე პრობლემები აქვს. ზარინა „ეხო კავკაზას“ ესაუბრა.

„ახლობლებისა და ნაცნობებისგან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, მესმის, რომ ტესტები ქალაქში აღარაა. გამოძახებებზე აღარ დადიან. გავარკვიეთ, რომ ტესტების გაკეთება კოვიდზე დაიწყო „გემოტესტმა“ (კერძო ლაბორატორია). ტესტის ღირებულებაა 1650 რუბლი (დაახლოებით, 70 ლარი). იქ ერთი საერთო რიგი დგას ჯანმრთელებისთვისაც და ავადმყოფებისთვისაც. ჩემი მეგობრების ნაწილი ამბობს, რომ ეს ტესტი ძალიან ძვირია, რადგან ვლადიკავკაზში 900 რუბლი (დაახლოებით, 40 ლარი) ღირს. მე უკვე ჯანმრთელად ვარ და იზოლაციიდან გამოსვლის დრო მაქვს. ვრეკავ პოლიკლინიკაში, არ მპასუხობენ. ჩემი საუბნო ექიმი ავადაა. მისი შემცვლელიც შეუძლოდაა და სახლში ზის. ეს „გემოტესტი“ კი მხოლოდ საუბნო ექიმის მიმართვის საფუძველზე აკეთებს ტესტს. ჩემი ნაცნობები ამბობენ, რა აზრი აქვს ტესტის გაკეთებასო, თუ გაარკვევ, რომ კოვიდი გაქვს, იწყებ ნერვიულობას და სამკურნალო წამლებსაც ვერაფერს იშოვი აფთიაქშიო“, - ეუბნება ზარინა „ეხო კავკაზას“

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, მალე 150 ადამიანზე გათვლილი სამხედრო საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 367-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელებულია 50-მდე ადამიანი.

დე ფაქტო რესპუბლიკაში, კორონავირუსისა და სეზონური გრიპის შემთხვევების გამო, ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება.

კოვიდი დადასტურებული აქვს დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ გენადი ბეკოევსაც. გასულ შაბათს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსით დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG