Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაჭკაჭიშვილი სასამართლოში დავობს მის მიმართ ცილისწამებისა და შევიწროების გამო


იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

თსუ-ის რექტორის მიერ შექმნილი ეთიკის კომისიის წევრებისა და თავად რექტორის წინააღმდეგ პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილის სამოქალაქო სარჩელი მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. „სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი სარჩელი, რომელიც, თსუ რექტორის დირიჟორობით, ეთიკის კომისიის ცილისმწამებლურ და არაკომპეტენტურ დასკვნას აპროტესტებს. საზოგადოებამ უკვე გასცა საკადრისი პასუხი ცილისმწამებლებს; ახლა ჯერი სასამართლოზეა“, - წერს კაჭკაჭიშვილი „ფეისბუკზე“.

თსუ-ის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელის ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლომთაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუმარტა, კაჭკაჭიშვილის სარჩელის მოპასუხე მხარეები არიან, თსუ-ის რექტორის მიერ შექმნილი ეთიკის კომისიის წევრები (ზვიად აბაშიძე, სალომე დუნდუა, ეკატერინე ფირცხალავა, ლილი ხეჩუაშვილი და ქეთევან ხუციშვილი). თავად რექტორი გიორგი შარვაშიძე და თსუ.

სადავო თემას წარმოადგენს ეთიკის კომისიის დოკუმენტი. „დასკვნაში მითითებულია, რომ იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი შეიცავს თვითპლაგიატის ნიშნებს. მეორე მხრივ, კომპილაციის ნიშნებს“, - აღნიშნავს ლომთაძე. იურისტის შეფასებით, ერთიც და მეორეც წარმოადგენს ცილისმწამებლურ ინფორმაციას. მისი თქმით, კომისია, ასევე, მიუთითებს მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევის შესახებ.

„დასკვაში უწერიათ „მეცნიერული კეთილსინდისიერება", ჩვენთვის გაუგებარია, ამით რისი თქმა უნდათ. სავარაუდოდ, გულისხმობენ, აკადემიურ კეთილსინდისიერებას. შემდგომ ეს დასკვნა გადასცეს აკადემიურ საბჭოს. არ ვიცი, რა წყაროებით, ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა“, - ამბობს ის.

კაჭკაჭიშვილი ეთიკის კომისიის წევრებს ედავება ცილისწამების გამო. პროფესორი მოითხოვს ეთიკის კომისიისგან ცილისმწამებლური ჩანაწერის უარყოფას და აღმოფხვრას, რაც გულისხმობს აკადემიური საბჭოს მხრიდან დასკვნის არგამოყენებას.

რექტორს, თსუ-სა და ეთიკის კომისიის წევრებს კი ლექტორი ედავება შევიწროებისთვის, რაც უკავშირდება იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ რექტორის მხრიდან ორგანიზებულ და ინიცირებულ შევიწროებას. ლომთაძე მიიჩნევს, რომ ეს იყო საპასუხო ნაბიჯი, რაც მოჰყვა კაჭკაჭიშვილის მხრიდან პლაგიატის თემაზე რექტორის წინააღმდეგ საჯაროდ ხმის ამოღებას.

პროფესორი ასევე აყენებს მორალური ზარალის ანაზღაურების საკითხს და სიმბოლურ თანხას, 1 ლარს მოითხოვს.

საია-ს ინფორმაციით, სარჩელი მოპასუხე მხარეებისთვის გადაგზავნილია, თუმცა მისთვის უცნობია უკვე ჩაბარდათ თუ არა. ჯერ ცნობილი არ არის, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. საქმეს მოსამართლე ნონა ზარქუა განიხილავს.

თსუ-ის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ თემაზე ამწუთას ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ, „თუ რამე განცხადება გვექნება, გავავრცელებთ“, - გვითხრეს თსუ-ში.

ეთიკის დასკვნის შესახებ მისი ერთ-ერთი ავტორის მიერ „ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში (29 ივლისს) ვკითხულობთ, რომ კომისიას მოეთხოვებოდა შემოსული განცხადების საფუძველზე პასუხი გაეცა მხოლოდ ორ კითხვაზე:

1. იყო თუ არა ე. წ. „თვითპლაგიატის“ ფაქტი?

2. იყო თუ არა დისერტაცია/სახელმძღვანელო კომპილაცია?“

„თვითპლაგიატის“ საკითხზე კომისიის წევრებმა თავად განმარტეს, რომ „კომისიამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო განსაკუთრებული განხილვის გარეშე. ამავე დროს, აღნიშნა კიდეც, რომ წიგნში ამ ყველაფრის მითითება მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა. სწორედ ამას ნიშნავს დასკვნის ბოლო ნაწილში „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“, რომელიც შესაძლო ბევრისთვის „სადამსჯელოდ“ მოსჩანდეს, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის ე. წ. „თვითპლაგიატის“ თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება“.

კომპილაციის შესახებ კი ეთიკის კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ დასკვნაში არსად წერია, ნაშრომი კომპილაციაა, მათივე განმარტებით, ის შეიცავს კომპილაციის ნიშნებს (და ხაზი გასმულია სახელმძღვანელოდ გადაკეთებაზე), როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და მით უმეტეს სახელმძღვანელო“.

კომისიის განცხადების გამოქვეყნებამდე იაგო კაჭკაჭიშვილმა რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არც ერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და მის განსაზღვრებაზე სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ კამათობენ.

იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ნაწილია მის წინააღმდეგ უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძის შურისძიების სერიისა.

პროფესორი ჰყვება, რომ ყველაფერი დაიწყო „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.

ეთიკის კომისიის განცხადებას კი იაგო კაჭკაშიშვილი ასე გამოეხმაურა: საქმე გვაქვს წინააღმდეგობრივ დებულებებთან, რასაც შეუძლებელია ბ-ნი ზვიადი (და კომისიის ის წევრები, რომლებიც „დათაგული“ ჰყავს) ვერ ამჩნევდნენ. უფრო კონკრეტულად:

1. ბ-ნი ზვიადი თავად წერს: „„თვითპლაგიატის“ თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება“. ანუ, მოკლედ რომ ითქვას, თვითპლაგიატის თემა ქართულ აკადემიურ სივრცეში (შეიძლება, საერთოდაც) ქიმერაა, საპნის ბუშტია.

2. კვლავ ზვიად აბაშიძის სიტყვებია: „დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი კომპილაციაა, დასკვნაში წერია, ის შეიცვას კომპილაციის ნიშნებს... როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და მით უმეტეს სახელმძღვანელო. ამაში უცხო და საჩოთირო არაფერია“. ანუ, თვითკომპილაციის ბიშნები არათუ ჩვეულებრივი რამ, არამედ აუცილებელი კომპონენტი ყოფილა ნებისმიერი თეორიული ნაშრომის".

პროფესორი ეთიკის კომისიის დასკვნას ფაქტობრივად განაჩენს უწოდებდა: „და თუ ეს ასეა, ანუ თუ ორივე „ბრალდება“ უშინაარსოა, მაშინ როგორღა კეთდება დასკვნა, რომ მე მეცნიერულად არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი? ეს ხომ მეცნიერის ძალზე უარყოფითი დახასიათებაა? ფაქტიურად, განაჩენია?

ფაქტია, თქვენ ხელი მოაწერეთ ბრალდებას, რომელსაც (როგორც თავადვე აღიარებთ) არანაირი ლეგალური და ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG