Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Сovid-19 დაუდასტურდა #8 დაწესებულებაში მყოფ ორ ბრალდებულს


სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ორი ბრალდებული, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ, დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად.

ორივე ახალდაკავებული პატიმარია და ამიტომ ისინი საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში იყვნენ განთავსებულები.

12 ოქტომბრიდან პენიტენციურ სისტემაში მოქმედებს ახალი პროტოკოლი, რომლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა.

ორ პატიმარს სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი. ისინი ახლა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში იმყოფებიან, სადაც მათ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით აკონტროლებენ.

23 ოქტომბერს PCR ტესტირება N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 30 პატიმარმა გაიარა. ამ ორი პატიმრის გარდა ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან, ამასთან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ყოველ მესამე დღეს ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.

XS
SM
MD
LG