Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყება


ბელარუსის ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავრობამ კვირას გამაყრუებელი ჭურვებითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა საპროტესტო აქციებს.

ციხანოუსკაიამ ადრე „სახალხო ულტიმატუმი“ წაუყენა ლუკაშენკას და მას 25 ოქტომბრის საღამომდე მისცა გადადგომის ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიმუქრა, რომ ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გამოაცხადებდა.

„რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა ბელარუსელებს, რომ ძალა არის ერთადერთი რამ, რისი უნარიც შესწევს მას,“ განაცხადა ციხანოუსკაიამ. „ამიტომ ხვალ, 26 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით დაიწყება გაფიცვა.“

25 ოქტომბერს 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკას წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით პოლიციელები და სამხედრო ძალები გამოიყვანა ქუჩებში.

საპროტესტო გამოსვლები ზედიზედ მე-11 კვირა დღეს ტარდება მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა გაფრთხილება არასანქცირებულ დემონსტრაციებში მოქალაქეთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ.

როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, დაკავებულია 120-ზე მეტი ადამიანი.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელიც 1994 წლის შემდეგ არის ხელისუფლებაში და რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა არჩევნებში.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG