Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ახალი საზავო შეთანხმების დარღვევაში


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების ამოქმედებიდან მალევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა ჰუმანიტარული ზავი დაარღვია და საარტილერიო იერიში მიიტანა ქალაქ ტერტერსა და ამ რაიონის სოფლებზე. ბაქო ირწმუნება, რომ თავად შეთანხმებას იცავს.

აზერბაიჯანის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა. მან ფეისბუკზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის არმიამ საარტილერიო იერიში განახორციელა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ საზავო შეთანხმებას იცავს.

25 ოქტომბერს, აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ადგილობრივი დროით 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდება ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. მას წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ფეისბუკით, რომ „ზოგიერთი პროვოკაციის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია“. ფაშინიანის თქმით, „სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის ერთგული დარჩება“.

უფრო ადრე იტყობინებოდნენ რეგიონში სროლების თაობაზე, მაგრამ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ზავის დარღვევაში.

აზერბაიჯანის მხარე იტყობინება, რომ მისი ჯარი იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ ის უხეშად ირღვევა სომხური ძალების მიერ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 26 ოქტომბერს ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანს სურს მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტის მოგვარება პოლიტიკური ან სამხედრო გზით.

ალიევმა გაიმეორა მოთხოვნა, რომ ეთნიკური სომხების ძალებმა დატოვონ რეგიონი, რათა კონფლიქტი შეწყდეს. „საკითხი აუცილებელია მოგვარდეს, ან სამხედრო, ან მშვიდობიანი გზით. მე კიდევ ერთხელ გამოვდივარ წინადადებით, შეწყდეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით, თუ სომხეთი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონო შეიარაღების გატანის გრაფიკს“, თქვა ალიევმა.

უფრო ადრე, 25 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა მხარეებს მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ტვიტერით დაწერა, რომ „ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს“. მან პომპეო და მისი გუნდი შეაქო „მიღწეული მორიგების“ გამო.

გასული ორი კვირის განმავლობაში, კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთახმდნენ, მათ შორის რუსეთის შუამავლობით, თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი, ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლიქტის მოსაგვარებლად არსებობს ეუთოს სპეციალური ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი.

XS
SM
MD
LG