Accessibility links

სად, როდის და საერთოდ, ჩატარდა თუ არა ბანკზე თავდამსხმელის დაკავების სპეცოპერაცია?


ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია იგეგმებოდა, ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა 25 ოქტომბერს, საღამოსკენ, არაოფიციალური წყაროებისგან მიიღეს.

სანამ ამ ინფორმაციას შეიტყობდნენ, მანამდე, ჟურნალისტები თითქმის მთელი დღე ელოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოჩენას, რომელიც დღის პირველ ნახევარში შენობაში ისე შევიდა, კომენტარი არ გაუკეთებია. მინისტრმა პოლიციის შენობა საღამოს პირზე, უკომენტაროდ დატოვა. მისი მანქანა თბილისისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას დაადგა.

თამარ ზანთარაია, რადიო თავისუფლების ზუგდიდის კორესპონდენტი, 25 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს სამხარეო პოლიციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. გვიან ღამით კი სხვა ჟურნალისტებთან ერთად, იმ სოფლებში წავიდა, სადაც, არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

„მთელი დღის განმავლობაში, პოლიციის შენობასთან შეინიშნებოდა სხვადასხვა საპოლიციო ავტომობილების აქტიური გადაადგილება. არაოფიციალური წყაროებით, მედიას გვქონდა ინფორმაცია, რომ გვიან ღამით დაგეგმილი იყო თავდამსხმელის აყვანის სპეცოპერაცია. მართალია, არ გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, სად უნდა ჩატარებულიყო სპეცოპერაცია, მაგრამ არაოფიციალურად სახელდებოდა რამდენიმე სოფელი. მათ შორის, ერთ-ერთი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ობუჯი“.

სოფელ ობუჯში ჟურნალისტები ღამის 3 საათისთვის ჩავიდნენ. სოფლის ცენტრთან მდებარე ერთ-ერთი ქუჩა სამართალდამცავებს ავტომობილით ჰქონდათ გადაკეტილი. მათ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ გზა მალე გაიხსნებოდა:

„ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდებოდა გზის ჩაკეტვა სპეცოპერაციას, თუმცა, მათგან არანაირი პასუხი არ იყო. როგორც კი გზა გაგვიხსნეს, დავინახეთ, როგორ დასვეს სამართალდამცავებმა დრონი და როგორ დაიწყეს მისი დაშლა. ეს არ იყო ჩვეულებრივი დრონი, რომელსაც მედიასაშუალებები იყენებენ ხოლმე გადაღებისას. სხვა ტიპის საფრენი აპარატი იყო. როდესაც ვიკითხეთ, რას იღებდნენ დრონით და უკავშირდებოდა თუ არა ეს გადაღება სპეცოპერაციას, გვითხრეს, რომ უბრალოდ საცდელი აფრენა იყო“.

სოფელი ობუჯი, სამართალდამცავები დრონს შლიან.
სოფელი ობუჯი, სამართალდამცავები დრონს შლიან.

"მთავარი არხის" ვერსიით, თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის თანამშრომელია


სოფელი ობუჯიდან, ჟურნალისტები სოფელ ალერტკარის, ყოფილი გრიგოლიშის გზას დაადგნენ. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ სოფელ ალერტკარიდან იყო ის პირი, რომელიც 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკს“ დაესხა თავს და 43 მძევალი აიყვანა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ეს პირია 1988 წელს დაბადებული ბ.ე., სამხედრო, რომელიც სენაკის მეორე ბატალიონში მსახურობს.

თამარ ზანთარაია ყვება, რომ ალერტკარში დილის 4 საათისკენ ჩავიდნენ. სოფელში სიმშვიდე იყო და არც სამართალდამცავები ჩანდნენ სადმე.

სოფელი ალერტკარი
სოფელი ალერტკარი

„ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. სოფლის მკვიდრი შეგვხვდა გზაზე, რომელიც წვეულებიდან მოდიოდა. ვკითხეთ, იცნობდა თუ არა ასეთ და ასეთ პირს. ეს ადამიანი ოჯახის ნათესავი აღმოჩნდა და მიგვასწავლა სახლის გზა. გვითხრა, რომ არც გუშინ და არც წინა დღეებში, სოფელში სამართალდამცავები არ გამოჩენილან. ბ.ე-ს შესახებ გვითხრა, რომ წლების წინ ის მართლაც იყო სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, ახლა აღარ მსახურობს. დღესდღეობით, სახლს აშენებსო. სახლთან რომ მივედით, შუქი ენთო. სავარაუდოდ, მათთან უკვე ნამყოფი იყო ჟურნალისტების სხვა ჯგუფი. ოჯახმა კარი არ გაგვიღო. სახლში იყვნენ ესებუას მშობლები და სავარაუდოდ, ძმა. ერთადერთი, რაც გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, იყო ის, რომ მე არაფერი არ ვიციო. ხმაურზე მეზობელი გამოვიდა. მისგან შევიტყვეთ, რომ ბადრი ესებუა ბოლო დღეებში არ უნახავს“.


დილის 6 საათისკენ ჟურნალისტები კვლავ ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან დაბრუნდნენ. თუმცა, როგორც თამარ ზანთარაია ამბობს, იქ არანაირი აქტიურობა და გადაადგილება აღარ შეინიშნებოდა და ვეღარც ის შეიტყვეს, მინისტრი კვლავ ზუგდიდში იმყოფება თუ დატოვა ქალაქი.

რას ამბობს შსს და თავდაცვის სამინისტრო?


სად და როდის და საერთოდ, ჩატარდა თუ არა თავდამსხმელის დაკავების სპეცოპერაცია, ამ კითხვებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხები არ არის. ერთადერთი განცხადება, რომელიც უწყებამ 25 ოქტომბერს, დღის 3 საათისთვის გაავრცელა, ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი იდენტიფიცირებულია და მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

როგორც შსს-ს პრეს-სამსახურში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, თუკი უწყება დააპირებს განცხადების გავრცელებას, შეგვატყობინებენ.

ვინ არის ბ.ე., მართლაც მსახურობს თუ არა ის სენაკის მეორე ბატალიონში, უკავშირდება თუ არა ის 21 ოქტომბერს, ბანკზე განხორციელებულ თავდასხმას, ამ კითხვებს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია.

თუმცა, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკა მოლოდინაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ „მთავარი არხი“ დეზინფორმაციას ავრცელებს:

„მთავარი დეზინფორმაციული სამსახური განაგრძობს სიცრუის გავრცელებას! გვარამიას მიერ დასახელებული სახელი და გვარი [ბ.ე.] არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე!“


როგორც ნიკა მოლოდინაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს პოსტი შეგვიძლია მივიღოთ ოფიციალურ განცხადებად. აპირებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო დამატებით განცხადების გავრცელებას, ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება ბ.ე-ს ოჯახის წევრებს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ინფორმაციას ბ.ე-სა და ბანკზე თავდასხმის კავშირს. მათი თქმით, ბ.ე. 25 ოქტომბერს თბილისში, პირად საქმეზე წავიდა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ის სენაკის მეორე ბატალიონის თანამშრომელია, ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ „2008 წლის ომის შემდეგ მას ფორმა აღარ ჩაუცვამს, აღარ არის სამხედრო პირი“.

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, ბ.ე. და „საქართველოს ბანკში“, მის მიერ აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, დავით ხვიბლიანი, რომელიც სენაკის მეორე ბატალიონის თანამშრომელია, თანამზრახველები არიან.

დავით ხვიბლიანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თავდამსხმელის თანამზრახველი და ცრუ მძევალია, 25 ოქტომბერს განცხადებით გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო, სადაც უწყება წერს, რომ დავით ხვიბლიანი და მისი ნათესავი, ასევე სამხედრო პირი, თემურ ხვიბლიანი, აპირებენ ცილისწამებისათვის მიმართონ სასამართლოს. თავდაცვის სამინისტრო კი უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

თავად დავით ხვიბლიანი სხვადასხვა მედიისათვის მიცემულ კომენტარებში ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს მძარცველთან და ის 21 ოქტომბერს, ბანკში, კუთვნილი ხელფასის ასაღებად იყო მისული.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა 43 ადამიანი.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

თავდამსხმელი და მძევლები ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG