Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ტოქსიკური გარემოთი" ხსნის ოპოზიციის კრიტიკას "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელის ვერდაკავების გამო. მისი თქმით, ოპოზიციური ტელევიზიები და პარტიები ცდილობენ, პრობლემები პოლიტიკურად დააკონვერტირონ.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია გახანგრძლივდეს დაკავების სპეცოპერაცია.

"მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე ორი წელი. იდეალურად, ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, რომელიც, უბრალოდ, იმიტომ, რომ 3 დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს არის ამორალური. მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია, ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რაც დატრიალდა ზუგდიდში", - განაცხადა გახარიამ.

გუშინ, 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკს" თავს ბადრი ესებუა დაესხა. მანვე აღნიშნა, რომ ესებუა იმალებოდა და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ხელისუფლებამდე ადრე, 25 ოქტომბერს, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი სავარაუდოდ იყო სწორედ ბადრი ესებუა.

კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG