Accessibility links

კორონავირუსის რუსული ვაქცინა “Sputnik V”-ის გამოცდის რამდენიმე მონაწილეს COVID-19 დაუდგინდა


კორონავირუსის რუსული ვაქცინა “Sputnik V”-ის გამოცდის რამდენიმე მონაწილეს ტესტის შედეგად COVID-19 დაუდგინდა.

„გამალეას ცენტრში“, რომელიც მუშაობს ვაქცინაზე, ვარაუდობენ, რომ დაავადდნენ ისინი, ვისაც არა თავად პრეპარატი, არამედ პლაცებო შეუყვანეს. ცენტრის დირექტორის, ალექსანდრ გინცბურგის თქმით, ინფიცირების ამ შემთხვევების თაობაზე წინასწარი შედეგების დადგენა მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მოხერხდება.

9 სექტემბრიდან მიმდინარეობს “Sputnik V”-ის გამოცდის მესამე, კლინიკური ეტაპი. მასში 40 ათასამდე მოხალისე მონაწილეობს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ვაქცინა აგვისტოში დაარეგისტრირა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა “Sputnik V”-ს უწოდა მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. ოქტომბრის შუა რიცხვებში დარეგისტრირდა მეორე ვაქცინა EpiVacCorona. 27 ოქტომბერს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ პრეპარატის წარმოების დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.

ორივე ვაქცინა დარეგისტრირდა მესამე სტადიის კლინიკური გამოცდის დასრულებამდე, რამაც მწვავე კრიტიკა გამოიწვია სპეციალისტების მხრიდან როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გამოცდის დასრულებამდე პრეპარატის რეგისტრაცია და მისი ფართო გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს.

როგორც ვარაუდობენ, 2020 წლის ბოლომდე შეიძლება დარეგისტრირდეს კიდევ ერთი ვაქცინა, რომელზეც ჩუმაკოვის ცენტრში მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG