Accessibility links

კობახიძე: თუ კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი არჩევნებს წააგებენ, მე პოლიტიკიდან წავალ


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს წააგებს მისი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან - ლევან კობიაშვილიდან, სოზარ სუბარიდან და ირაკლი ქადაგიშვილიდან ერთი მაინც. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან დატოვოს მედია და პოლიტიკა:

"გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც, თითქმის მელია, მე მგონი, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს და იგებენ თან პირველ ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, ეს არის კობიაშვილი გლდანში, ეს არის სუბარი სამგორში და ეს არის ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი- ლაგოდეხის ოლქში. თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, ნახეთ რა მკაფიოდ ვამბობ, მე წავალ პოლიტიკიდან. ერთი მათგანი მაინც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს. რაც შეეხება, საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გვარამიას, თუ საპირისპირო მოხდება, ანუ თუ სამივე მოიგებს არჩევნებს, ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG