Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ჟურნალისტის მოსმენის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადო რეაგირებას სთხოვენ.

„დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა“.

ამავე ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას და ენმ-ის ადგილობრივ ლიდერს ბესო ქათამაძეს შორის (სატელეფონო) საუბარი შედგა და საზოგადოებას გააცნო საუბრის დეტალები.

დღესვე ტელეკომპანია ,,მთავარის" ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. ამ დროისათვის აპარატურა აღმოჩენილია, თუმცა კვლავაც უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.

როგორც სავარაუდოდ ფარული მოსმენის, ისე მოსმენის დეტალების გასაჯაროება პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებით არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტს, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები თავდასხმებისა და არასათანადო მოპყრობისაგან”, - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები არ უნდა ახალისებდნენ მედიის მარგინალიზაციის პროცესს და ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიმართავს მმართველ პარტიას განმარტოს ჟურნალისტის მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები. იგი მოუწოდებს ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ მათზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

"TV პირველის" ჟურნალისტი, ნატო გოგელია ხელისუფლება ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს. ჟურნალისტმა ხელისუფლების მიმართ ბრალდება მას მერე გააჟღერა, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ჟურნალისტისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სატელეფონო საუბრის შინაარსზე ისაუბრა.

"ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა! ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!.. იმ 9 წელში, როცა თქვენ ბუჩქებში იყავით, ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს ვერაფრის ფასად! ვამბობდი იმას, რაც იყო! ახლა, როცა იმდროინდელი დამნაშავეებით გაავსეთ გუნდი, ვერ შემაშინებთ! ეს გამორიცხულია!", - წერს ნატო გოგელია ფეისბუკში.

XS
SM
MD
LG