Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ტადტაევი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“, ანატოლი ბიბილოვი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ტადტაევი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“, ანატოლი ბიბილოვი.

ცხინვალის საავადმყოფოში პაციენტებს დერეფნებში აწვენენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ცხინვალის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. 28 ოქტომბერს რადიო თავისუფლების პროექტმა „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი, რომელიც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ სახლში მკურნალობდა. „ეხო კავკაზას“ წყაროს ცნობით, ტადტაევი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მანამდე კორონავირუსით დაინფიცირდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი და „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან, კორონავირუსით დაინფიცირდა 678 ადამიანი. მანამდე ინფიცირებულთა რიცხვი 90-ს შეადგენდა. დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს COVID-19-ით 6 ადამიანის გარდაცვალება. ცხინვალის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევი ამბობს, რომ ვითარება უკიდურესად მძიმეა.

„ძალიან ბევრია ავად. მათ პალატებში უკვე ვეღარ ვტევთ, ამიტომ დერეფნებში ვაწვენთ. ინტენსიური თერაპიის პალატები გადავსებულია. მაგალითად, თუ პალატაში აქამდე 6 საწოლი იყო განთავსებული, ახლა იქ ათი ავადმყოფი წევს. ექიმებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ მუშაობენ. გასულ დღე-ღამეში უკვე სამი ადამიანი დაგვეღუპა“, - ამბობს ცხინვალელი ექიმი.

პლიევის თქმით, დაავადებულთა 40 პროცენტს ფილტვების ანთება აქვს. ისინი პალატებში ვერ ხვდებიან და დერეფნებსა და საავადმყოფოს ჰოლში აწვენენ. ცხინვალელი ექიმები ახლა რუსეთიდან ჩატანილი სამხედრო-საველე ჰოსპიტლის იმედზე არიან. მათი აზრით, ეს ჰოსპიტალი ვითარებას განტვირთავს. სამხედრო-საველე ჰოსპიტალი 150 საწოლზეა გათვლილი და ის ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე დაამონტაჟეს. ცხინვალში რუსეთიდან სამხედრო ექიმებიც ჩავიდნენ, თუმცა, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ჰოსპიტალში, პირველ რიგში, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობისა და მომსახურე პერსონალის ინფიცირებულ წევრებს გადაიყვანენ და მხოლოდ ამის შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებთ.

„აქ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო ბაზაზეც ბევრი ჯარისკაცია ინფიცირებული და უკვე ვიცით, რომ, პირველ რიგში, მათ დააწვენენ ამ კარვებში და დარჩენილ ადგილებზე სამოქალაქო პირებს განათავსებენ. ბევრი პაციენტი წითელი ჯვრის მეშვეობით თბილისში ითხოვს გადაყვანას. ვიცით, რომ მანდაც რთული მდგომარეობაა, მაგრამ აქაურ ჯანდაცვას ნდობა არც აქამდე ჰქონდა და ახლა მით უმეტეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისმა ამას წინათ დაადასტურა, რომ ოთხი პაციენტი ცხინვალიდან თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 28 ოქტომბერს ერთ-ერთი მძიმე პაციენტი დე ფაქტო რესპუბლიკიდან ხაშურის კოვიდცენტრში გადაიყვანეს. ადგილობრივი ექიმები, მოუმზადებელი ღონისძიებების გამო, ღიად აკრიტიკებენ ბიბილოვის ხელისუფლებას.

„საერთოდ, სამხრეთ ოსეთი პარადოქსული სახელმწიფოა. როცა ვირუსი არ გვქონდა, გზა დაკეტილი იყო. ბევრი შემზღუდავი ღონისძიება ჩატარდა, მაღაზიები იკეტებოდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ღონისძიებები იკრძალებოდა. ახლა კი, როცა ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, სახელმწიფო არანაირ შემზღუდავ ღონისძიებებს არ აცხადებს. გაუგებარი ვითარებაა. უნდა მივმართოთ მკაცრ ზომებს და ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. დაუშვებელია ასეთი მოქმედებები. ჩვენ აპრილ-მაისში შეგვეძლო არ დაგვეშვა მრავალრიცხოვანი ქორწილები და გასვენებები“, - აცხადებს ექიმი ალექსანდრ პლიევი.

29 ოქტომბრის საღამოს ცხინვალის ცენტრალურმა საავადმყოფომ გარდაცვლილთა რაოდენობა დააზუსტა. დაზუსტებული ინფორმაციით, კორონავირუსით და მისგან გამოწვეული გართულებებით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ინდირა ბიჩენოვამ აცნობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG