Accessibility links

უწყინარი კომპლიმენტი თუ მომხმარებლის კონფიდენციალობის დარღვევა?


მიტანის სერვისის კურიერს, რომელმაც მომხმარებელი ქალის ტელეფონის ნომერი პირადი მიზნით გამოიყენა, დროებით შეუჩერდა კომპანიაში მუშაობის უფლება.

(არა)ჯანსაღი კომპლიმენტი

ღამის ორი საათი იყო, როცა ადა ლომთაძეს მიტანის სერვისის, Wolt-ის კურიერმა სახლში გამოძახებული საჭმელი მიუტანა.

„კარი როცა გავაღე, ამ ბიჭის პირველი რეაქცია იყო, რომ მომენტალურად თვალი გაუშტერდა ჩემს ბარძაყებზე. შორტი და თეთრი პერანგი მეცვა“, - უყვება ადა რადიო თავისუფლებას. კურიერთან დამშვიდობებიდან რამდენიმე წუთში ტელეფონზე შეტყობინება მიიღო. „სხვათაშორის ძალიან ლამაზად გამოიყურებითო“, - წერდა კაცი.

„მისი მზერიდან გამომდინარე, არც ერთი წამით არ ჩამითვლია, რომ გულწრფელი, უმანკო მონაწერი და ჯანსაღი კომპლიმენტი იყო“, - ამბობს ადა. ქალი გაღიზიანდა - რატომ მისცა კურიერმა თავს უფლება მიეწერა, როცა ამის უფლება არ აქვს? რატომ დაარღვია სამსახურეობრივი ეთიკა? რატომ გამოიყენა ადას პირადი ტელეფონის ნომერი იმ მიზნით, რაზეც თანხმობა არ ჰქონდა?​

"სხვათა შორის, შემიძლია სამსახურის გარეშე დაგტოვო", - უხეშადვე უპასუხა ადამ.

„ეს იყო მუქარა, რომლითაც მინდოდა შემეშინებინა და აღარ გაებედა ჩემთან რაიმე მსგავსი. ამის სრული უფლება მქონდა. სხვა დროს, კომპლიმენტის თქმა თუ მოუნდებოდა ვინმესთვის, ეტყოდა ადგილზე და პასუხად გულწრფელ ღიმილს და მადლობას მიიღებდა“, - ამბობს ადა და განაგრძობს: „ღამის ორი საათია. დღეს SMS მომწერა, ხვალ მკითხავს 10 წუთით ჩაიზე რომ შემოვიდე შეიძლება?“

დილით ადამ ფეისბუკზე, ქალების დახურულ ჯგუფში, კურიერთან მიმოწერის სკრინშოტი დაპოსტა და იკითხა, მართლაც შეეძლო თუ არა კურიერის სამსახურის გარეშე დატოვება. ადას მტკიცებით, მას არ ჰქონია განზრახვა კურიერის დამსაქმებლამდე, „ვოლტამდე“ მიეტანა ეს ამბავი და უბრალო აინტერესებდა, როგორ შეუძლია იმოქმედოს მსგავს ან უფრო მძაფრ სიტუაციებში.

„შესაძლოა ვოლტამდე ეს ამბავი საერთოდ არ მისულიყო, ვიღაცას რომ სკრინშოტი არ გაეტანა. მისი სამსახურის გარეშე დატოვება რომ მდომებოდა, ისე გავაკეთებდი, თქვენამდე ეს ამბავი არ მოვიდოდა“, - ამბობს ადა და განაგრძობს: „იმ ბიჭმა სამსახური რომ დაკარგოს, თავს მე დამნაშავედ ვერ ვიგრძნობ. მე „ვოლტისთვის“ არ მიმიმართავს“.

ფეისბუკზე ადასა და კურიერს შორის მიმოწერის სკრინშოტის გავრცელებას დიდი დისკუსია მოჰყვა. ამბავმა, მათ შორის, დაჩრდილა მოახლოვებული არჩევნებიც.

ადამიანების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ კურიერი „უწყინარი“ მესიჯის გამო არ უნდა დასჯილიყო.

ზოგიც პირიქით, კურიერის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

პერსონალური მონაცემები

„მიმოწერას, ცალკე პრობლემა არ აქვს, მაგრამ არ შეიძლება კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ ერთი SMS-ის ტექსტი და ვთქვათ, რომ მას პრობლემა აქვს ან არ აქვს“, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან იურისტი და ფემინისტი აქტივისტი, ბაია პატარაია.

მისი თქმით, მომხმარებელი კერძო კომპანიას პერსონალურ მონაცემებს - როგორიცაა ტელეფონის ნომერი, მისამართი - გადასცემს კონკრეტული მიზნით. თუ კომპანია ან მისი თანამშრომლები ამ მონაცემებს, მომხმარებლის ნებართვის გარეშე, გამოიყენებენ რაიმე სხვა მიზნით, ეს არის პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევა.

„ეს რომ არ იყოს დაკავშირებული სამსახურთან, ასეთი ტიპის კომუნიკაცია თავისთავად პრობლემური არ არის“, - ამბობს პატარაია და განაგრძობს: “წესით, კონტრაქტში, რასაც უფორმებენ ამ ადამიანებს, უნდა ეწეროს, რომ პირადი მონაცემების გამოყენება არ შეიძლება. თუ ასეთი რამ არც კონტრაქტში უწერიათ და არც შინაგანა წესში, მაშინ კომპანიის პრობლემაა, რომ არ გააგებინა თანამშრომლებს“.

Wolt: მკაცრად დაირღვა მომხმარებლის უფლებები

მიტანის სერვისი „ვოლტი“ აცხადებს, რომ 10 დღით წყვეტს თანამშრომლობას კურიერთან, რადგან მან მკაცრად დაარღვია მომხმარებლის უფლებები და მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების და დაცვის წესი. კომპანიის განცხადებით, მათი რეაქცია იქნებოდა უმკაცრესი რომ არა საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა, კურიერთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

„ვითვალისწინებთ აღნიშნულ კურიერთან ხანგრძლივ თანამშრომლობას, რომლის დროსაც არცერთ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია“.

კომპანია განმარტავს, რომ ყველა პარტნიორი კურიერი, მუშაობის დაწყებამდე გადის ტრენინგს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაა. „ვოლტის“ განცხადებით, პროგრამულად, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პარტნიორი კურიერისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ დაკვეთის მიტანის პროცესში.

„იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს, ჩვენ გადავხედავთ პარტნიორი კურიერებისთვის მომხმარებელთა მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცედურას, ასევე ტრენინგის შინაარსსა და ტესტირების პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პარტნიორი კურიერისთვის გასაგებია მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის სანქციები, რაც მოჰყვება აღნიშნული წესების დარღვევას“.

„შეცდომა მომივიდა“

კურიერი ოთო გიორგაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ შეცდომა მოუვიდა. ის მადლობა უხდის ადამიანებს, რომელთაც მას თანადგომა გამოუცხადეს.

„არ შეიძლება „ვოლტის“ მომხმარებლის ნომრის გამოყენება კომპლიმენტის მიზნისთვის“, - ამბობს გიორგაძე და განაგრძობს: „ჩემ შეცდომას მივხვდი და ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გამო კურიერი არ უნდა გააგდო სამსახურიდან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG