Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართულ ოცნებას” 7-მა მაჟორიტარმა კანდიდატმა მილიონ ლარზე მეტი შეწირა 2020 წელს


"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც 2020 წლის არჩევნების წინ პარტიების დაფინანსების წყაროები და ტენდენციებია განხილული. ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 6%-ა.”

მმართველმა პარტიამ 2020 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე ჯამში 35 376 394 ლარი მიიღო, რაც ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მობილიზებული თანხის 48%-ია. წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში “ქართული ოცნების” შემოწირულებების პროცენტული წილი საერთო შემოწირულებებში გაცილებით მაღალი იყო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 66%-ს შეადგენდა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 88%.

ქართული ოცნების შემომწირველი მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს კანდიდატები არიან:

  • ზაალ დუგლაძე
  • ანტონ ობოლაშვილი
  • გოჩა ენუქიძე
  • ზაზა ლომინაძე
  • ირაკლი ხახუბია
  • დავით სონღულაშვილი
  • ვასილ ჩიგოგიძე

არის შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას:

  • ზაალ დუგლაძემ და მისმა ძმამ (დავით დუგლაძე) 5 მაისს 25,000-25,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“.
  • დავით სონღულაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა (ნუკრი ლიპარტაშვილი) 17 სექტემბერს 60,000-60,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“.
  • ასევე საინტერესო თარიღია 10 სექტემბერი, როდესაც მაჟორიტარობის 3 კანდიდატის (ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე) ხუთმა სხვადასხვა ბიზნესპარტნიორმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაიღო შემოწირულობა ჯამური მოცულობით 148,000 ლარი.

პარტიებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების და მათთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების მიერ თანხების შეწირვა პარტიისთვის გავრცელებული პრაქტიკაა არა მხოლოდ ქართულ ოცნებაში, სხვა პარტიებშიც. ოპოზიციური პარტიების შემოსავლებში მაჟორიტარობის კანდიდატებისგან მიღებული შემოწირულებები საერთო თანხის უფრო მეტ პროცენტსაც კი წარმოადგენს, ვიდრე ეს მმართველი პარტიის შემთხვევაშია.

  • საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15.1%-ა. ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს – 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია).
  • პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 22.6%- ა. ამ თანხიდან 185,000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას.
  • პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 28 კანდიდატიდან ექვსმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ პარტიას 354,200 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 7%-ა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი – 275,000 ლარი გაიღეს ბადრი ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორებმა.
  • პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 20 კანდიდატიდან 11-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პარტიას 216,000 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 7.7%-ა.
  • პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის ორი კანდიდატიდან ერთის - გიორგი ვაშაძის მეუღლემ და მეუღლის ბიზნესპარტნიორმა 2020 წლის სექტემბერში პარტიას 119,958 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 5.3%-ა.
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან რვამ 2020 წლის არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში პარტიას 41,086 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 31.3%-ა.
  • პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 8 კანდიდატიდან ერთმა 2020 წლის აგვისტოში 40,000 ლარი შესწირა პარტიას, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15.5%-ა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მეათე მოწვევის პარლამენტი თითქმის პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით დაკომპლექტდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG