Accessibility links

გიგი ჩიხლაძე: წინასაარჩევნო შემოწირულობების 48% მმართველმა პარტიამ მიიღო


გიგი ჩიხლაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მთავარი იურისტი

პარლამენტის არჩევნების კამპანიის დაფინანსების შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ" მოამზადა, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ მოზიდული შემოწირულობების ჯამმა 35 მილიონ 376 394 ლარი შეადგინა.

რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ ამ თემაზე საუბრისას ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა, გიგი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48 პროცენტი მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო:

„ქართული ოცნების" წილი წინა არჩევნებთან შედარებით ისეთი დიდი აღარ არის სხვა შემოწირულობებთან შედარებით. ერთ-ერთ წინა არჩევნებზე სრული შემოწირულობის 88 პროცენტი "ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა. წინა საპრეზიდენტოზე 66 პროცენტი იყო. ახლა ამან დაიწია, სადღაც ნახევარი მაინც "ქართულ ოცნებაზე" მოდის, მაგრამ "ლელოს" შემოსვლამ პოლიტიკაში და "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც ასევე ერთ-ერთი მსხვილი შემოსავლების მქონე პარტიაა, შეამცირა ეს სხვაობა და ჯამში გაზარდა რაოდენობა პოლიტიკური ფინანსების. დღეს უკვე ამ ეტაპზე სადღაც 40 მილიონამდე შემოწირულობაზეა საუბარი და საინტერესოა ისიც, რომ თითოეული შემოწირულობის ერთ მესამედზე მეტი აღემატება საქართველოში საშუალო შემოსავალს, წლიურ შემოსავალს რომ შევადაროთ“, - განაცხადა გიგი ჩიხლაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

რაც შეეხება შემოწირულობების განაწილებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შუალედური ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მოზიდული შემოწირულობების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა. აქედან პირველ სამეულში არიან "ქართული ოცნება", "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". კერძოდ, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ - 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG