Accessibility links

რატომ აჭრიან თავებს?


“ღამის დამშვიდობება”( 2019, საფრანგეთი, რეჟისორი ანდრე ტეშინე, “L’adieu a la nuit”)

ამ კვირაში საფრანგეთში ისევ თავს დაესხნენ ხალხს ისლამისტი ტერორისტები. ბევრი უბედურება დატრიალდა მსოფლიოში, პანდემიაა და აგერ, ჩვენი მეზობლები ომობენ, ბავშვები იხოცებიან, მაგრამ ის, რაც საფრანგეთში ხდება, ღმერთის სახელით მასწავლებლის სასტიკი მოკვლა, მაინც განსაკუთრებული ველურობა მგონია. ბოლოს და ბოლოს, პანდემიები მთავრდება, ომებითაც იღლებიან დაპირისიპირებული ძალები, მაგრამ ველურობას და ფანატიზმს არაფერი ეშველა. რაც მთავარია, არავინ იცის როგორ უნდა იმოქმედოს, როგორ დაუპირისპირდეს მოძალადეებს. ათასი თეორია არსებობს, - გინდა მარჯვნიდან, გინდა მარცხნიდან, - აგერ, მაკრონიც გამკაცრდა თითქოს, მაგრამ კონკრეტული გეგმა თუ საზოგადოების შეთანხმება ისევ არა ჩანს. ეს “მარჯვენა” მხარე “მარცხენას” ედავება, “მარცხენა” – “მარჯვენას”, ზოგი კაპიტალიზმს აბრალებს ყველაფერს, ზოგი ფეესბეს და მოსკოვს, მაგრამ საშველი არა ჩანს. ფანატიკოსები ისევ აჭრიან ადამიანებს თავებს.

კარგ კინოსაც არა აქვს პასუხი. კარგი კინო მხოლოდ აღწერს სიტუაციას და ზოგჯერ წინასწარმეტყველის როლშიც გვევლინება. ბელგიელი რეჟისორების, დარდენების ფილმს “ყმაწვილი აჰმედი” დღეს ხშირად იხსენებენ - შარშან გადაღებულ სურათში დარდენებმა თითქოს წინასწარ დადგეს ტრაგედია, რომელიც ახლახან, 16 ოქტომბერს, მოხდა პარიზის გარეუბანში. დარდენებმა მოისურვეს გადაერჩინათ თავიანთი გმირები - მასწავლებელიც და ბავშვიც, რომელიც ტერორისტული აქტისთვის ემზადება. მაგრამ ცხოვრება უფრო სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე კინო: მასწავლებელი, რომელიც, მაკრონის სიტყვებით, ბავშვებს “გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა”, სასტიკად მოკლეს. აგერ, ამ კვირაში კი ნიცაში 3 ადამიანს მთლად ეკლესიასთან გაუსწორდნენ - როგორც ჩანს, იმის საჩვენებლადაც, რომ საფრანგეთში ახლა “კულტურათა ომი” დაიწყო.

დარდენებს კიდევ გაუმართლდათ. მათი ფილმი კანის კინოფესტივალის კონკურსში მოხვდა, თუმცა “პალმა”, რომელსაც “აჰმედი” უთუოდ იმსახურებდა, ბელგიელ ძმებს არ აღირსეს. “აჰმედის” მიმართ გამოითქვა პრეტენზია, რომ სურათი “არაკორექტულად” წარმოგვიდგენს მუსლიმებს და რომ “ბალანსი” მნიშვნელოვნადაა დარღვეული. ასეთივე პრეტენზია, ოღონდ უფრო კატეგორიულად, გამოითქვა “ღამის დამშვიდობების” მიმართ - ფრანგული კინოს ახლა უკვე ცოცხალი კლასიკოსის, ანდრე ტეშინეს, სურათი ბერლინის კინოფესტივალის დირექციამ არ ჩართო 2019 წლის “ბერლინალეს” საკონკურსო პროგრამაში. იქაც, პრესკონფერენციაზე, ერთმა ალჟირელმა ჟურნალისტმა ტეშინეს ისლამოფობიაში დასდო ბრალი. მართალია, რეჟისორმა განმარტა, რომ “ღამის დამშვიდობება” ყველანაირ ფუნდამენტალიზმს ეხება, მისმა პასუხმა მაინც არ დააკმაყოფილა ის ალჟირელი ჟურნალისტი. ამის მერე ფილმი ევროპის ეკრანებზე გამოვიდა და მემარცხენე კრიტიკამაც არ დააყოვნა - ტეშინე დაადანაშაულეს “ევროცენტრიზმში”, კოლონიალიზმში, ტერორიზმის პრობლემის სწორხაზოვან გადაწყვეტაში. ფილმი შედარებით წარმატებით გავიდა საფრანგეთის კინოთეატრებში, თუმცა ისლამოფობიის ეს დამღა მაინც დარჩა. არადა, ძალიან საწყენია - “ღამის დამშვიდობება” არა მარტო კარგი ფილმია, არამედ ასევე ფილმი-წინასწარმეტყველებაა, რომელიც ევროპის გადაუჭრელ პრობლემას ასახავს.

ესაა ამბავი სოფლელ ბებიაზე, კატრინ დენევის შესრულებით (გარწმუნებთ, დენევი მოგხიბლავთ იმათაც კი, ვისაც არ გიყვართ ეს მსახიობი), რომელიც ჯერ აღმოაჩენს, რომ მისი შვილიშვილი მაჰმადიანად მოინათლა (ირონია ისაა კიდევ, რომ ამ როლის შემსრულებელი, კესი მოტე-კლაინი, ფრანგული კინოს ამომავალი ვარსკვლავი, მორწმუნე ებრაულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა), შემდეგ კი შეიტყობს 20 წლის ყმაწვილის განზრახვას გაემგზავროს სირიაში ჯიჰადისთვის...ბებია ცდილობს ყველანაირად შეუშალოს ხელი, თუმცა სრულწლოვან ახალგაზრდა კაცს გადაწყვეტილებას ვერ აცვლევინებს. ფილმის მსვლელობის პროცესში შეიძლება დაგებადოთ აზრი, რომ “ღამის დამშვიდობება” არის არა იმდენად ფილმი ტერორიზმსა და ტერორიზმის მიზეზებზე, რამდენადაც ფილმი ისევ და ისევ რელიგიასა და მის როლზე იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში.

ანდრე ტეშინეს ვერ უწოდებ “პოლიტიკურ რეჟისორს”, სოციალური ფონიც არასდროს ყოფილა მის სურათებში გადამწყვეტი. თავის საუკეთესო ფილმებში (ტეშინეს ბოლო დროს გადაღებული ფილმებიდან გირჩევთ აუცილებლად ნახოთ “როცა 17 წლისა ხარ”) ის გვიამბობს იდენტობის ძიების რთულ და წინააღმდეგობებით სავსე პროცესზე, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანები გადიან. ტეშინემ დაამტკიცა, რომ ესაა უაღრესად კინემატოგრაფიული თემა, რადგან გარდამავალ ასაკში და უფრო მოგვიანებითაც, აი “სიყმაწვილეს” რომ ვუწოდებთ, მაშინ, ადამიანის ცხოვრებაში დგება წამი, როცა აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გადაბრუნდეს, რადიკალურად შეიცვალოს მიმართულება. დიახ, ესაა წამი, რომლის დაფიქსირება და ახლო ხედით ჩვენება მხოლოდ კინოს შეუძლია. და საკუთრივ ამ თემის, დროის ამ მონაკვეთის მიმართ ერთგულება ქმნის “ტეშინეს პარადოქსს” ფრანგულ კინოში - მიშელ ფუკოს და როლან ბარტის მეგობარი, ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური რეჟისორი იღებს ზედმიწევნით სადა სურათებს, სრულიად დაცლილს ესთეტიკური, ფორმალური ძიებებისგან. ტეშინეს საყვარელი ჟანრი მელოდრამაა, ხოლო მისი ფილმების ენა უჩვეულოდ ითვისებს დისტანციას, გაუცხოებას ეკრანულ სამყაროსთან და თანაარსებობის ეფექტებს, თითქმის გამომწვევი რეალიზმით (ამ თვალსაზრისით ტეშინეს საუკეთესო ფილმი და, საერთოდ, ფრანგული კინოს შედევრია “ბაროკო”, იზაბელ აჯანით და ჟერარ დეპარდიეთი მთავარ როლებში). “ღამის დამშვიდობებაში” დენევის პერსონაჟი, ფერმერი ბებია, და მასთან ერთად მაყურებელი სწორედ ამ წამის დაჭერას ცდილობენ - რატომ და როდის შეიცვალა ახალგაზრდა კაცის ცხოვრება, რატომ და როდის ირჩევენ ჯანმრთელი, ლამაზი, სიცოცხლით სავსე ყმაწვილები რელიგიას? რა განსაზღვრავს მათ არჩევანს? საკუთარი შესაძლებლობების მიმართ ეჭვი? გმირობის მოთხოვნილება? კაპიტალიზმი? ფეესბე და მოსკოვი? კონკრეტულად რა? რატომ ირჩევს ადამიანი ტერორის გზას?

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არც ანდრე ტეშინეს აქვს, თუმცა პირველი ნაბიჯი გადადგმულია: პოლიტკორექტულობის დარღვევის შიში დაძლეულია, ეს “გარდამავალი წამი” კი - დაფიქსირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG