Accessibility links

დონბასში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. კიევი საკონტაქტო ჯგუფის მოწვევას ითხოვს


უკრაინელი ჯარისკაცი სანგარში

უკრაინის ხელისუფლება სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სასწრაფო მოწვევას ითხოვს მას შემდეგ, რაც წუხელ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სეპარატისტების მხრიდან ყუმბარსატყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად.


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, მოწინააღმდეგის პოზიციებიდან წუხელ ხუთჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დონეცკის ოლქის სამხრეთში მდებარე სოფელ პიკუზის მიმართულებით.



უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგეს და აიძულეს იგი, შეეწყვიტა სროლა და კვლავ დაბრუნებოდა „სიჩუმის რეჟიმს“.


უკრაინის სარდლობამ „რუსული ჰიბრიდული ძალების“ მხრიდან პროვოცირებული ინციდენტის თაობაზე უკვე აცნობა ეუთოს დამკვირვებლებს.


დონბასში ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა 27 ივლისიდან, მაგრამ, როგორც უკრაინის სარდლობაში აცხადებენ, „ჰიბრიდული ძალები“ თითქმის ყოველდღე არღვევენ ზავს, რის გამოც ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG