Accessibility links

პაატა იმნაძის თქმით, არჩევნებზე მისვლა უბნის მაღაზიაში შესვლაზე უსაფრთხოა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კოვიდინფიცირების გაცილებით მაღალი რისკია უბნის მაღაზიაში, ვიდრე საარჩევნო უბანზე, ეს განმარტება პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდიცნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა შესაბამისი კითხვის პასუხად.

მისი სიტყვებით, არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად გაითვალისწინეს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც პანდემიის პირობებში არჩევნები გაიმართა.

"შემუშავებული იქნება ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ანუ დაცვის მხრივ იქ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა. იქ პრაქტიკულად იმისი შანსი, რომ გადაედოს ადამიანს ადამიანისგან, არ არსებობს. დროც ცოტაა, ნიღბით არის ადამიანი, ყველა სხვაც გათვალისწინებულია, კალამი ერთჯერადი და ყველაფერია გათვალისწინებული, რომ უსაფრთხო იყოს ხმის მიცემის პროცედურა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 37 263 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2906-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 19 810.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 12 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 285 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG