Accessibility links

logo-print logo-print

მარგველაშვილი მშვიდობიანი ცვლილებისა და მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინშია


საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებით საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით კიდევ ერთხელ შეიცვლება:

„საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით, ხალხის ნებით. ველოდები მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც შედგება დებატები, კონკურენცია და ეს დებატები მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეების ხმა ისმოდეს პარლამენტში და არა პოლიტიკური ინტრიგები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ცვლილება, რომლის შედეგადაც, უკვე მეორედ, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი არჩევნების გზით და დადგება ახალი პოლიტიკური რეალობა... ამას განაპირობებს ის რიგები, რასაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო უბნებთან, ცვლილების ის ემოცია, რომელიც ჰაერშია. ეს არის გადამწყვეტი არჩევნებზე. დანარჩენი ყველაფერი კონსპირაციის თეორიებია, რომლებსაც მე სერიოზულად არ აღვიქვამ“.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG