Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიძახეთ პატრული - ბექა ოდიშარია არ აზუსტებს, ისევ დააყენა თუ არა მანქანა შტაბთან ტროტუარზე


მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას შტაბთან, მელიქიშვილის ქუჩაზე ტროტუარზე მანქანები ისევ დგას. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა 5-წუთიანი ინტერვალით ერთსა და იმავე ადგილზე ორი მანქანა გადაიღო.

ფოტოზე ასახული მარკის ორივე მანქანა ბექა ოდიშარიას თავის დეკლარაციაში აქვს მითითებული. რადიო თავისუფლება შეეცადა, პირადად მასთან დაეზუსტებინა, გააჩერა თუ არა პოლიტიკოსმა შტაბის წინ მანქანა და თუ კი, რატომ დაარღვია კანონი.

"ინტრიგნობა არ გიხდებათ... [თუ კანონდარღვევაა] გამოიძახეთ პატრული. მე მაქვს ჩემი საქმე, მე ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. მე მეგონა, თქვენ სერიოზული საკითხები გაწუხებდათ…", - თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ოდიშარიასთან სატელეფონო საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კანდიდატი თავად გამოჩნდა მანქანასთან. ამ დროს ტროტუარსა და BUS Line-ზე სხვა მანქანებიც გამოჩნდა.

თბილისის მერიის პარკინგის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ტროტუარზე პარკირება ყველგან აკრძალულია იმის მიუხედავად, არის თუ არა მოქალაქეთათვის სავალი ნაწილი დარჩენილი.

"ტროტუარზე პარკირება არ შეიძლება არსად, არ აქვს აზრი, პეკინი იქნება თუ მელიქიშვილი. თანამშრომელი დარღვევას აღრიცხავს და ადგენს სამართალდარღვევათა ოქმს. არ აქვს მნიშვნელობა, მანქანას ექნება პარლამენტის საშვი თუ არა, მაინც იწერება ჯარიმა".

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დეპუტატობის კანდიდატის შტაბთან ტროტუარზე მანქანა აყენია. მსგავსი ფოტო 10 ოქტომბერს მოქალაქე ვახუშტი მენაბდემაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

"ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ. მომწერე პასუხი და არ მომწერის ;;)))" - ეს იყო მოქმედი დეპუტატისა და მაჟორიტარობის კანდიდატის მაშინდელი პასუხი კრიტიკაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG