Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე ცესკოს მართვადი ქაოსის შექმნაში ადანაშაულებს


თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს მის მიერ აღმოჩენილი დარღვევები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გააცნო. მათ შორის, მას პრეტენზიები ჰქონდა უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართითაც:

„სიაში აღმოვაჩინეთ ჩვენ ასევე გარდაცვლილი ხალხი, მაგალითად, მე-11 უბანზე ჩუღურეთში და ასევე ხალხი, რომელიც 20 წელზე მეტია არის ემიგრაციაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დილას იყო აბსოლუტური განუკითხაობა რამდენიმე უბანზე. განსაკუთრებით ჩუღურეთში, მეოთხე უბანზე, თქვენ შეგეძლოთ გენახათ, რამხელა რიგები იყო საათების განმავლობაში და რამდენი ამომრჩეველი განრისხებული გატრიალდა სახლში.

ცესკომ ძალიან კარგად იცოდა, რამხელა ოთახი სჭირდება, რომ დაეტიოს შესაბამისი რაოდენობის დამკვირვებელიც და ამომრჩეველიც. კიდევ სხვა მეთოდებიც იყო, რის გამოც გაუშვეს წარმომადგენლები გარეთ უადგილობის გამო. ეს არის ხელოვნურად შექმნილი მართვადი ქაოსი იმისთვის, რომ გაატრიალონ ხალხი, რომელიც მიზანდასახულად მივიდა არჩევნებზე, რომ გადაირჩიოს ეს ხელისუფლება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG