Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა მიქელაძე: უცხოეთში გახსნილ რამდენიმე უბანზე შეფერხება აღმოფხვრილია


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, საზღვარგარეთ გახსნილ რამდენიმე უბანზე იყო მცირე შეფერხება, თუმცა პრობლემები აღმოფხვრილია და კენჭისყრის პროცესი ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ათენს, ნამდვილად იყო შეფერხება მცირე ხნით იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ამომრჩეველი იყო მისული საარჩევნო უბანზე, თუმცა ამ წუთებში ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რომთან დაკავშირებით შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დამკვირვებელს არ ჰქონდა თან შესაბამისი აკრედიტაცია, თუმცა, შემდგომ მან შეძლო აკრედიტაციის წარმოდგენა და იმყოფება საარჩევნო უბანზე. ბარსელონის საარჩევნო უბანი არ გახსნილა დაგვიანებით და კენჭისყრის პროცესი ახლაც მიმდინარეობს“, - განაცხადა მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან ავღანეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზეც ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ ერთი უბანი უკვე დაიხურა, ხოლო მეორეში ხმის მიცემის პროცედურები გრძელდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღვარგარეთ ჯამში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო სიაში კი დარეგისტრირებულია 14170 ამომრჩეველი.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG