ქალაქ მარნეულში, დაახლოებით 4 საათზე, პოლიციის სამმართველოსთან ავტობუსით ჩაიყვანეს, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯგუფი. ავტობუსს თან მიჰყვა რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან არაოფიციალურ საუბარში, სამართალდამცველები ამბობენ, რომ თბილისიდან ჩავიდნენ, თუმცა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და არც დამატებით დეტალებზე საუბრობენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე - ყარაჯალაში, ყიზილაჯლოში, დაშთაფსა და ქალაქ მარნეულში - 31 ოქტომბრის დილიდან ხშირია დაპირისპირება, კამათი, ყვირილი. თუმცა სერიოზულ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოპოზიცია აქციის მოწყობასთან დაკავშირებით მსჯელობს.
ცოტა ხნით ადრე, ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალებისა და ტექნიკის მობილიზების შესახებ ცნობების თაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე და საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სპეციალური დანიშნულების რაზმი მარნეულში 2018 წელს, ადგილობრივი არჩევნების დროსაც ჩაიყვანეს.
დაწერეთ კომენტარი