Accessibility links

site logo site logo

ვინ რამდენ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში პარტიული სიით - 4 ეგზიტპოლის მიხედვით


ოთხი ტელეკომპანიის - იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაკვეთა კანონის მიერ დაწესებული 40.54%-იანი ბარიერი. ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა მომავალ პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად. რეალური, 76-წევრიანი უმრავლესობის ფორმირებასა და მთავრობის დაკომპლექტებას სხვა არაერთი პირობა ესაჭიროება. რა სურათი იკვეთება თითოეული ეგზიტპოლის მიხედვით, თუკი მათ საბოლოო მონაცემებად ჩავთვლით? როგორ გამოიყურება სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის შანსები?

  • თავიდანვე გასათვალისწინებელია, რომ გამოქვეყნებული ეგზიტპოლები მხოლოდ პარტიების/ბლოკების მიერ პროპორციული (პარტიული სიები) წესით მიღებულ პროცენტებს ასახავს. საბოლოო შედეგის წარმოსადგენად აუცილებლად გასათვალისწინებელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ ნაჩვენები შედეგები.
  • გასათვალისწინებელია ასევე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისა და ახალი მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო 76 დეპუტატი შესაძლებელია ეკუთვნოდეს როგორც ერთ პარტიას, ასევე ბლოკს.

„მთავარი არხისთვის“ „IPSOS - საფრანგეთის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით:

„ქართული ოცნების“ მიერ ნაჩვენები 41%-იანი შედეგი დაახლოებით 49 სადეპუტატო მანდატს გულისხმობს. მინიმუმ 76-მდე შესავსებად და ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად, „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარების ხარჯზე, კიდევ 27 მანდატის მოგროვება ესაჭიროება.

41%-იანი მაჩვენებელი, თავის მხრივ, ძალიან ახლოს დგას 40.54%-იან ზღურბლთან, რომლის ქვემოთაც პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები ავტომატურად აღარ ჯამდება და პარტიას/ბლოკს დამოუკიდებლად უმრავლესობის შექმნის საშუალებაც ერთმევა.

ეგზიტპოლის თანახმად, იმ ოპოზიციური პარტიების/ბლოკების საერთო პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც თავს „ქართული ოცნების“ კოალიციაში არ ხედავენ - 52%-ს შეადგენს. ეს ჯამში დაახლოებით 62 სადეპუტატო მანდატს უდრის. ასეთ შემთხვევაში, 76 მანდატამდე შესავსებად, კიდევ 14 მანდატია საჭირო.

აქ იგულისხმება ყველა პარტია/ბლოკი, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა და ესენი არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (33%); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (5%); „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ (4%); „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ (3%); „გირჩი“ (3%); „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (2%); „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ (1%) და „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (1%).

პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამ ეგზიტპოლით 2% მიიღო და ეს რომ ცესკოს მონაცემები იყოს, მას 2 ან 3 მანდატი შეხვდებოდა.

„პატრიოტთა ალიანსი“ არასოდეს იგულისხმებოდა ოპოზიციურ კოალიციაში, რომელმაც ამ ეგზიტპოლით 2%-იანი შედეგი აჩვენა. ოპოზიციაში მტკიცედ სჯერათ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აუცილებლად მოხვდება „ქართული ოცნების“ კოალიციაში, თუკი ამჟამინდელ მმართველ პარტიას ეს დასჭირდება.

„ფორმულასთვის“ „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით:

„ქართული ოცნების“ მიერ თავიდანვე ნაჩვენები 46% არც ეგზიტპოლის შედეგების (20:00-საათიანი მაჩვენებლებით) განახლების შემდეგ შეცვლილა. 46% დაახლოებით 55 სადეპუტატო მანდატს გულისხმობს. მინიმუმ 76 მანდატის შესაგროვებლად „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ 21 მანდატი უნდა მიიღოს.

მეორე მხარეს დგანან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, ამ ეგზიტპოლით, ჯამში, 43%, ანუ დაახლოებით 52 სადეპუტატო მანდატი შეაგროვეს. მთავრობის დასაკომპლექტებლად საკმარისი კოალიციის შესაკრავად მათ კიდევ 25 მანდატი სჭირდებათ.

მათ შორის არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (28%); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (5%); „გირჩი“ (3%); „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ (3%); „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ (2%); „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1%); „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (1%).

„პატრიოტთა ალიანსს“ ამ ეგზიტპოლითაც 2%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაც 2 ან 3 მანდატს გულისხმობს.

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ ეგზიტპოლის ფარგლებში გამოკითხვაზე უარი თქვა რესპონდენტთა დაახლოებით 60%მა.

„იმედისთვის“„Public Opinion Strategies“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით:

ამ ეგზიტპოლით, „ქართული ოცნების“ 55%-იანი მაჩვენებელი 66 სადეპუტატო მანდატს უტოლდება. ერთპარტიული მმართველობის შესანარჩუნებლად, პარტიას მხოლოდ 10 მანდატის მოპოვება სჭირდება.

ამ შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში შევა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაზე უარის მთქმელი 8 ოპოზიციური პარტია, რომელთა ანგარიშზეც 38% და დაახლოებით - 46 მანდატი მოდის.

76-წევრიანი კოალიციის შექმნას ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუკი 30-ვე მაჟორიტარულ ოლქს მოიგებენ.

ამ შემთხვევაში პროცენტები ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 23%; „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3%; „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%; „გირჩი“ – 3%; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%; „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ - 1%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 1%.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამ ეგზიტპოლის მიხედვით 3 ან 4 მანდატისთვის სამყოფი 3% მიიღო.

„რუსთავი 2“-ისთვის „Survation“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით

ამ ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით, „ქართულ ოცნებას“ 51,36 %-იანი მაჩვენებელი და, შესაბამისად, დაახლოებით 62 სადეპუტატო მანდატი აქვს. იმისათვის, რომ 76-წევრიანი უმრავლესობა დამოუკიდებლად შექმნას, მას კიდევ 14 მანდატი სჭირდება.

იმ ოპოზიციური ჯგუფიდან, რომელსაც უარი აქვთ ნათქვამი „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შეკვრაზე, ამ ეგზიტპოლით, პარლამენტში 7 პარტია/ბლოკი მოხვდება და ესენი არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 25,38 %; „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 4,20 %; „გირჩი“ – 3,65 %; „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 2,94%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,47%; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,23%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 1.11%.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამ ეგზიტპოლით – 2,36% მიიღო.

ვიდრე მონაცემები (20:00 საათის მაჩვენებლებით) განახლდებოდა, „ქართული ოცნებას" 52.26% ჰქონდა, რაც 66 მანდატს უტოლდებოდა. ხოლო 7 ოპოზიციური პარტიის ანგარიშზე, ჯამში 40.27% და დაახლოებით 48 მანდატი იყო.

ეგზიტპოლების შედეგები სრული სიზუსტით არასდროს ასახავს არჩევნების საბოლოო შედეგებს, უფრო ტენდენციებს აჩვენებს და ზოგჯერ, ოფიციალურ მონაცემებთან ცდომილება იმდენად მაღალია, რომ ეგზიტპოლის შედეგები რადიკალურად განსხვავდება ცესკოს ოფიციალური შედეგებისგან. ასე იყო, მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს, „იმედისთვის“ „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG