Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი არჩევნებს აფასებს:  „მშვიდობიანი, სამართლიანი... შეიძლება ითქვას, ევროპულიც“


„მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული, შეიძლება ითქვას, ევროპული“, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად „ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა“, ამ არჩევნებით საქართველომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს.

„ჩვენ შევძელით არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა!“

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ შეძლო არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევო სისტემით, რაც, მისი სიტყვებით, დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ზურაბიშვილი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ასევე, ცესკოს, მის წევრებსა და თავმჯდომარეს.

ჩვენ შევძელით, პანდემიის მიუხედავად, ჩაგვეტარებინა უსაფრთხო არჩევნები. ამისი მაგალითი იყო მთელს ქვეყანაში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, პანდემიამ ვერ შეაშინა ამომრჩეველი, ყველგან იგრძნობოდა სიფრთხილე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის სიტყვებით, ის, რომ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად დამთავრდა იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები, არის იმის ნიშანი, რომ „საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა, სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება“.

„31 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება!“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG