Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიციამ მინსკში ცრემლსადენი გაზით და მასობრივი დაპატიმრებით უპასუხა მშვიდობიან მსვლელობას


მიტინგის დაშლა მინსკში
მიტინგის დაშლა მინსკში

ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლების შემდეგ, პირდაპირ დაიწყეს დემონსტრანტების დაკავება კვირას გამართული საპროტესტო მსვლელობის დროს, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და ქვეყანაში რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით.


მინსკის ცენტრში მობილიზებულია სპეციალური საევაკუაციო მანქანები, ე.წ. ავტოზაკები, რომელსაც მილიცია იყენებს დაკავებულთა იზოლირებისა და ტრანსპორტირებისათვის.


1 ნოემბერს გამართული „ტერორის საწინააღმდეგო მარშის“ მონაწილეები მინსკის ცენტრალური ქუჩების გავლით ცდილობდნენ მინსკთან ახლომდებარე კურაპატების ტყესთან მისვლას, სადაც აღმოჩენილ იქნა 1930-1940-იან წლებში მასობრივად დახვრეტილი ადამიანების სამარხები.


მაგრამ დემონსტრანტებს გზა გადაუკეტა მილიციის კორდონმა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეეცადა მათთვის ხელშეშლას.

უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, მილიციამ 1 ნოემბერს დააკავა 70 კაცი. ეს ფაქტი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს დაუდასტურეს მილიციის სამმართველოში.

ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები, რაც მოჰყვა 9 აგვისტოს გამართულ არასამართლიან და არადემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ბელარუსში მილიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა შაბათის ტრადიციულ ქალთა მარშზე, რომელსაც 31 ოქტომბერს შეუერთდნენ ასევე უნარშეზღუდული პირებიც.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG