Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?


არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. მათი ძირითადი ნაწილი კი განიხილავს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის საკითხს.

ნიშნავს თუ არა მანდატებზე უარის თქმა ავტომატურად ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის შესუსტებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებელ პირობას?

რას ამბობს ოპოზიცია?

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილი და ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მოიპოვა, აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

მანდატებზე უარს განიხილავს „ევროპული საქართველო“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა - რომელიც მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდა, ამბობს, რომ პარტიულ სიაში რომ ყოფილიყო, უარს იტყოდა პარლამენტში შესვლაზე. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია სხვებთან შეთანხმებით მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს „ლელო“. პარტია რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევს ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად.

შედეგებს არ ცნობს არც „პატრიოტთა ალიანსი“. თუმცა უცნობია, საბოლოო ჯამში, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

პარლამენტის ბოიკოტირებისკენ იხრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები ერთ-ერთი გზაა. მისი თანაგუნდელი, თაკო ჩარკვიანი ამბობს: „უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი” არ არის.

თუ ყველა ოპოზიციური პარტია გადაწყვეტს, უარი თქვას მანდატებზე, იმავეს იზამს „გირჩი“. ამასთან, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერჯერობით არც ერთ პარტიას არ მიუღია

„ლეიბორისტები“ - რომელთა ოფისში შეკრებილმა ოპოზიციამ დააყენა მანდატებზე უარის თქმის საკითხი - ასევე აცხადებს, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და პარტიები იმ გზით ივლიან, რომელიც აერთიანებთ. ოფიციალური მონაცემებით, „ლეიბორისტებმა“ ამომრჩეველთა ხმების 1% მიიღეს და პარლამენტში მოხვედრის ზღვარზე არიან.

ოფიციალური მონაცემებით, ზღვარი ვერ გადალახა ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“. „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლით კი, პარტია 0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია. ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.

ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ პირდაპირ მოუწოდებს ყველა პარტიას, უარი თქვან მანდატებზე, რათა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. „საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე. და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ იყოს ცნობილი უფლებამოსილება მე-10 მოწვევის პარლამენტის და ავტომატურად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები”, - ამბობს ელისაშვილი.

მაგრამ, გამოიწვევს კი ბოიკოტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას?

ბოიკოტის შემთხვევაში

კონსტიტუციის თანახმად, პირველივე სხდომაზე, პირველ საკითხად, პარლამენტმა უნდა ცნოს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილება, რომ შეუდგეს მუშაობას. ამისთვის უბრალო უმრავლესობა, 76 ხმაა საჭირო. „ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში, მეორე ტურის ჩატარებამდეც კი, სულ მცირე, 75 წევრი შეჰყავს.

არჩეულ დეპუტატს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია უარი თქვას მანდატზე, რაც პარლამენტი მის უფლებამოსილებას ცნობს.

არჩეული დეპუტატების მიერ მანდატზე უარის თქმა საკმარისი არ არის. სრული ბოიკოტისთვის. ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ, მთლიანად გააუქმონ საკუთარი პარტიული სიები. ხოლო თუ მაჟორიტარი დეპუტატი იტყვის მანდატზე უარს, მისი ადგილი ვაკანტური დარჩება მაისამდე, სანამ შუალედური არჩევნები არ გაიმართება.

მეორე ტური, სავარაუდოდ, 16 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. თუ „ქართული ოცნება“ ერთში მაინც გაიმარჯვებს, მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება. ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაში კი - 91. აქვს თუ არა ასეთ პარლამენტს უფლებამოსილება, რომ დაიწყოს მუშაობა? კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაზე კანონიც დუმს და კონსტიტუციაც.

„იმისთვის, რომ პარლამენტი უფლებამოსილი დარჩეს, მისი შემადგენლობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები, რადგან ორგანო უფლებამოსილია შეიკრიბოს მას შემდეგ, რაც არჩეულად გამოცხადდება არანაკლებ 100 დეპუტატი. მაგრამ ეს პირდაპირ არსადაა განსაზღვრული. არსად არ წერია, რა მოხდება, თუკი დეპუტატების რაოდენობა 100-ზე ქვევით ჩამოვა“, - ამბობს ხმალაძე და განაგრძობს, რომ ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას კანონი არ ითვალისწინებს.

განახლება: ხმების სრულად დათვლის შემდეგ, განახლდა „ქართული ოცნების“ მანდატების შესახებ ინფორმაცია.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG