Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, ედვარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.

„მშობლებთან მრავალწლიანი განშორების შემდეგ მე და ჩემს ცოლს არ გვსურს ჩვენს ვაჟთან განშორება. ამიტომ პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების ეპოქაში შეგვაქვს განცხადება რუსეთ-ამერიკის ორმაგ მოქალაქეობაზე“, - დაწერა სნოუდენმა.

მისი თქმით, ის და მისი მეუღლე ლინდსი მილსი „ამერიკელებად რჩებიან“ და ვაჟს აღზრდიან „ამერიკული ღირებულებების მიხედვით, რომლებიც ჩვენ გვიყვარს, მათ შორისაა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება“.

სნოუდენმა 2013 წელს მიიღო რუსეთში თავშესაფარი მას შემდეგ, რაც გაასაჯაროვა საიდუმლო მონაცემები სპეცსამსახურების მხრიდან მასობრივი ელექტრონული თვალთვალის პროგრამის შესახებ. სნოუდენი აცხადებს, რომ რუსეთში უნებლიეთ აღმოჩნდა - ის ჰონგ-კონგში მიფრინავდა მოსკოვში გადაჯდომით და გზაში შეიტყო, რომ მისი ამერიკული პასპორტი გაუქმებული იყო, სამშობლოში კი დევნა ელოდა. 2014 წელს სნოუდენმა რუსეთში დროებით ცხოვრების უფლება მიიღო.

სხვადასხვა ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ რუსეთში თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. სნოუდენი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების მომხრეა, რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა ამის შემზღუდავი ზომებისთვის.

ადრე ცნობილი გახდა, რომ სნოუდენმა აშშ-ის ხელისუფლებას დაუთმო 5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც მან მიიღო თავისი წიგნის გაყიდვისა და ამასთან დაკავშირებული გამოსვლების გზით.

აშშ-ში სნოუდენს წაყენებული აქვს ჯაშუშობის ბრალდება და მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG