Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგო ჩიხლაძე: არანაირი 2 და 3 %-ის გადასწორება, მიზანი არის ვადამდელი არჩევნები


სერგო ჩიხლაძე
სერგო ჩიხლაძე

„არანაირი 2 და 3 პროცენტის გადასწორება, მიზანი არის ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ერთი დათქმით, რომ ეს მოხდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“, - ასე განმარტა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ოპოზიციური პარტიების არჩევნების შემდგომი მიზანი საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ნებისმიერი ტიპის არჩევნები იმავე შედეგით დასრულდება, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნები. მისივე განმარტებით, უპრეცედენტოა ის ერთიანობა, რაც ამ მიზნის მიღწევისთვის არსებობს ოპოზიციურ სპექტრში, მათ შორის, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პარტიებში:

„ამისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველამ ერთხმად, რომ არ შევდივართ პარლამენტში, არ ვუქმნით ლეგიტიმაციას ამ გაყალბებულ არჩევნებს, იმიტომ რომ აზრი არა აქვს დეკორაციად მუშაობას პარლამენტში, როდესაც წინასწარ ვიცით, რომ გაყალბებულია, მოპარულია ხმები“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, საარჩევნო ოქმების 50-60 პროცენტში ციფრები უხეშად გადაკეთებულია:

„ოქმების დაახლოებით 50-დან 60 პროცენტში არის უხეში გადაკეთება ციფრების, თანაც ისეთი გადაკეთება, რომ მაინც არ ჯდება ბალანსი. ზოგან ბიულეტენები არ ჰყოფნის, ზოგან მომსვლელების რაოდენობაა ნაკლები, ვიდრე საერთოდ ხმა მისცა, და ზოგან არის გადაკეთებული პირდაპირ და, ყველა შემთხვევაში, ხაზს ვუსვამ, არის „ოცნების“ სასარგებლოდ“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სერგო ჩიხლაძემ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მოიპოვეს, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ. „ქართულ ოცნებაში“ არჩევნების გაყალბებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ მეორე ტურის წინ კაპიტულაცია გამოაცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში სულ 9 პარტია შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG