Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SPAR-იდან გაათავისუფლეს ადამიანი, რადგან არჩევნებზე დასაკვირვებლად ერთი დღე ითხოვა - ISFED


„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის, ელენე ნიჟარაძის ინფორმაციით, სუპერმარკეტების ქსელის „სპარის“ თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან მან არჩევნებზე დასაკვირვებლად ერთი დღე ითხოვა.

„ჩვენი ერთ-ერთი დამკვირვებელი SPAR Georgia-ს ჩოხატაურის ფილიალიდან მენეჯერმა სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლა იმიტომ, რომ ამ ადამიანმა არჩევნებზე დასაკვირვებლად სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლება თხოვა“, - წერს ნიჟარაძე ფეისბუკზე და განაგრძობს: „ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და არავის მივცემთ უფლებას, დამკვირვებლები ასე დაჩაგრონ, მაგრამ SPAR Georgia ძალიან სამარცხვინოა, ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვო, არჩევნებზე დაკვირვების გამო“.

ელენე ნიჟარაძე, ასევე, წერს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დამკვირვებლების მიმართ აგრესია, თავდასხმა, შეურაცხყოფა, ფიზიკური შეხება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიზანი აქვთ, რაც შეიძლება მეტად დასტრესონ დამკვირვებლები“.

რადიო თავისუფლებამ მიმართა „სპარის“ მმართველ დირექტორს, მირანდა მანჯგალაძეს, რომელიც ამ მიზეზით თანამშრომლის გათავისუფლებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ის თავად წავიდა სამსახურიდან 5 დღით ადრე.

„თუმცა თუ ეს თანამშრომელი ამბობს ამას და სურვილი აქვს, რომ აღდგეს სამსახურში, მას არანაირი პრობლემა არ აქვს, გააგრძელოს მუშაობა“, - ამბობს მანჯგალაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG