Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ელჩი არგენტინაში და ჩამოართვა მას დიპლომატის რანგი


3 ნოემბერს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თანამდებობიდან დაითხოვა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინაში, ულაძიმირ ოსტაპენკო, მის მიერ დიპლომატიური სამსახურისათვის შეუფერებელი საქციელისთვის.


რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ცნობით, ოსტაპენკომ გააპროტესტა ხელისუფლების ქმედება 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ და თანამდებობიდან წასვლის თხოვნით ორჯერ მიმართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. ბოლო ვიდეომიმართვა კი დიპლომატმა ჩაწერა თეთრ-წითელი-თეთრი დროშის ფონზე.


ლუკაშენკამ ელჩის გათავისუფლების ბრძანებას ხელი 3 ნოემბერს მოაწერა. ამ ბრძანების თანახმად, ულაძიმირ ოსტაპენკოს ასევე ჩამოერთვა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და ოპონენტების წინააღმდეგ გაჩაღებული რეპრესიების გამო პროტესტის ნიშნად მანამდე თანამდებობა დატოვეს ბელარუსის ელჩებმა ესპანეთში, ლატვიასა და სლოვაკეთში.

ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები, რაც მოჰყვა 9 აგვისტოს გამართულ არასამართლიან და არადემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG