Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კომისიებთან დაკავებულთა საქმეს სასამართლო განიხილავს


პოლიციამ გაათავისუფლა საოლქო საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 5 პირი. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში გიორგი კაპანაძე.

სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან დააკავეს სულ 12 პირი, რომელთაგან 5 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 7 კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

აქტივისტებს ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა. ადმინისტრაციული დარღვევების საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს.

4 ნოემბრის საღამოდან, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამო დაწერილ საჩივრებს განიხილავდნენ. აქციების მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. პოლიტიკური ლიდერების ნაწილი საოლქო კომისიების შენობებში შესვლას მოითხოვდა. თბილისში რამდენჯერმე მოხდა აქციის მონაწილეების და სამართალდამცავების დაპირისპირება.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებას ცდილობდნენ არაუფლებამოსილი პირები. ცესკოს განმარტებით, სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის არა უმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG