Accessibility links

logo-print logo-print

სამი ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონატს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა


საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი აღმოჩნდა. ხორვატიის ქალაქ პორეჩში, დღეს მედლები ვაჟთა შორის, 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გათამაშდეს. ჯერ წინასწარი ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. ქართველი ძიუდოისტები კი შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.

73 კილოგრამში, გიორგი ჩიხელიძემ ევროპირველობა შვეიცარიელ დანიელ პოჩოპთან წაგებით გახსნა და დაასრულა. დღის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობაა 81 კილოგრამში მოჭიდავე ვლადიმერ ახალკაცის წარუმატებლობა. 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და მიმდინარე ჩემპიონატზე, თავის წონაში, ოცდათვრამეტ მონაწილეს შორის პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ... პირველსავე მეტოქესთან - 18 წლის აზერბაიჯანელ ელხან ჰაჯიევთან დამარცხდა. ამავე წონაში, პირველივე წრიდან გამოეთიშა ჩემპიონატს გიორგი შერაზადიშვილი, უნგრელ ბენედეკ ტოტთან წაგებით.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცხრა წევრიდან, ევროპის ჩემპიონატზე ექვსმა უკვე იჭიდავა და გუნდის ანგარიშზე ლუკა კაპანაძის (66 კგ) ვერცხლის მედალია. სამდღიანი შეჯიბრების ბოლო დღეს - 6 ნოემბერს გავლენ ტატამზე მიხეილ ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG