Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილია“-მ ცესკოს შენობასთან გამართა აქცია-პერფორმანსი


სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ ცესკო-სთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობა ამ ფორმით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს განცხადებას: „თამარ ჟვანია ჯილდოს იმსახურებს“. სწორედ, „ჯილდოები“ და „საჩუქრები“ მიიტანეს ცესკო-ს შენობასთან „სირცხვილია“-ს წევრებმა, მათ შორის, მათემატიკის პირველი კლასის სახელმძღვანელო და საანგარიშო.

„სირცხვლია“-ს წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ციტირებს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებს და აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული ოქმების 52%-ში ბალანსი არ ჯდება, პროპორციულ ოქმებში კი - 30%-ში. მისი თქმით მოპარულია 10 000 ბიულეტენამდე.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ „ეს იყო ბოლო წითელი ხაზი, რომელიც გადაკვეთა ბიძინა ივანიშვილმა. ამას ვეღარ ვაპატიებთ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ბოლო დანაშაული, რომელიც მოასწრო და ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა.

პერფორმანსი შავი კვამლის გაშვებით დასრულდა.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.

დოკუმენტს ხელს აწერენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „ერთიანი საქართველო“ და, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ასევე, „პატრიოტთა ალიანსი“.

ოპოზიცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG