Accessibility links

ცხინვალი მოსკოვს ფინანსურ დახმარებას სთხოვს. კოვიდვითარება უმძიმესია


 ფოტო გადაღებულია 2018 წლის 9 აგვისტოს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ აცნობა. კოჩიევას თქმით, ამ დროისთვის 236 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში 14 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კი ექიმების და სამედიცინო დაწესებულებების მუშაობით უკმაყოფილოა. ორი დღის წინ ის სპეციალური ეკიპირებით კოვიდჰოსპიტლის „წითელ ზონაში“ შევიდა და პაციენტებს გაესაუბრა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მან მკაცრად უარყოფითი შეფასება მისცა სამედიცინო კლინიკებში კორონავირუსთან ბრძოლას. იქვე დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტოტჩიევმა შენიშნა, რომ ზოგ კლინიკაში მედიკამენტების დეფიციტია და ეს განაპირობებს მკურნალობის ხარისხს. გარდა ამისა, მან არ გამორიცხა, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქება კიდევ ორ-სამ თვეს გაგრძელდეს, ამიტომ უწყებამ რუსეთის ფედერაციას ფინანსური დახმარებისთვის უკვე მიმართა. ცხინვალი კორონავირუსთან საბრძოლველად რუსეთისგან 20 მილიონამდე რუბლს ითხოვს. ბიბილოვმა ტოტჩიევს კიდევ ერთხელ დაავალა იმ მედიცინის მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც წითელ ზონაში მუშაობაზე უარს ამბობს.

„ზოგიერთი მედმუშაკი უარს ამბობს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე იმის შიშით, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირდება. პირადად ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მიმაჩნია, რომ სამხედრო პირი, რომელიც გარბის ბრძოლის ველიდან, დეზერტირია. მიმაჩნია, რომ ექიმი ან მედმუშაკი, რომელიც ამ ვითარებაში გარბის კოვიდ-19-თან ბრძოლის ველიდან, ისიც დეზერტირია. თუ ექიმებს და მედმუშაკებს ეშინიათ, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ უბრალო ადამიანებმა?“ - ამბობს ანატოლი ბიბილოვი. მან მედპერსონალს, რომელიც სამსახურში არ ცხადდება, უკვე მეორედ უწოდა დეზერტირები.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომლის აუდიოჩანაწერი, რომელიც აღწერს საავადმყოფოში ავადმყოფებისა და ექიმების პირობებს: საჭმლის, ჟანგბადის, საწოლების, მედიკამენტების უკმარისობა; მრავალსაათიანი სამუშაო დამცავ ტანსაცმელში, გაუსაძლისი პირობები. ექიმი ამბობს, რომ ერთ-ერთი მომაკვდავი პაციენტის გადასარჩენად ის იძულებული გახდა ჟანგბადი სხვისთვის გამოერთო და ეს მომაკვდავი ქალი შეეერთებინა.

მოხალისეების მოძებნაში უკვე ცხინვალში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ. ისინი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სამედიცინო პერსონალს დაეხმარონ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალიანსის“ ხელმძღვანელმა ზალინა გაბაევამ ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„ვითარება ასეთია: ჩვენი დაქალი მოხალისედ წავიდა და ის ამბობს, რომ ძალიან დიდი დატვირთვაა. დღეს უკვე ზედიზედ მესამე ცვლაში გადის. ის დახმარებას სხვა მოხალისეებისგან ითხოვს. ვიცი, რომ ქალაქში საკმარისი მედიკოსია, რომელიც არ მუშაობს სპეციალობის მიხედვით, ასევე არიან ინფექციაგადატანილი გოგოები, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ. „წითელ ზონაში“ უმძიმეს პირობებში მუშაობენ გოგოები. მოდით, დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ვინც უკვე გადაიტანეთ ეს ინფექცია ან სრულიად ჯანმრთელები ხართ“.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო კი მიიჩნევს, რომ გადაუმზადებელი კადრები „წითელ ზონაში“ არ უნდა მოხვდნენ, რადგან ისინი საფრთხის ქვეშ დადგებიან.

„არაერთი მოხალისე ეხმაურება მოწოდებებს დახმარების შესახებ, მაგრამ მათი შეყვანა „წითელ ზონაში“ არ შეიძლება, რადგან ისინი თუ დაავადდნენ, ისევ ჯანდაცვის სისტემას დააწვებიან ტვირთად. ამიტომ, ჩემი აზრით, მოხალისეებმა გარედან უნდა იმუშაონ, თუმცა გვესმის, რომ შიგნით სჭირდებათ დახმარება ექიმებს, რომლებიც ძალიან არიან გადაღლილები და ყოველდღე უკვე მათთვის იმის ძახილი, რომ დეზერტირები არიან, არ შეიძლება. ზოგი ვერ უძლებს მორალურად, ზოგი ფიზიკურად და ცდილობს ცოტა მაინც დაისვენოს, ამ დროს მათი დეზერტირებად მოხსენიება არასწორია. რესპუბლიკაში წამალი და ჟანგბადი რომ არ გვაქვს, ესეც ექიმების ბრალია? ჯობია პრობლემები ბიბილოვმა ჯერ საკუთარ თავში ეძებოს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.

დე ფაქტო ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით მოსკოვის გარდა ჩრდილო ოსეთსაც მიმართა. ოკუპირებული რეგიონისთვის მთავარი საჭიროება ახლა მედიკამენტები და ჟანგბადის ბალონებია. ვლადიკავკაზში შესაბამისი ტვირთი უკვე გროვდება. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი კი ამასობაში მთლიანად „წითელ ზონად“ იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG