Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში გაიხსნა ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო


ორ საკონსულო ოლქს - ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს მოიცავს რუსთავში გახსნილი ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო დაწესებულება.

საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიალს, ყაზახეთის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, საქართველის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ადგილობრივი ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი იქნება.

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ ყაზახეთის სრულუფლებიან საპატიო ელჩს საქართველოში, რუსთავის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნანახი მე-11 საუკუნით დათარიღებული ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი გადასცა საჩუქრად.

„რუსთავში ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის 150 მილიონის ინვესტიციის მოზიდვა შევძელით და ყაზახეთის საკონსულოს რუსთავში არსებობა, კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის პერსპექტივას აჩენს. ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ყველაზე მთავარი, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და ის ურთიერთობებია, რომელიც კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის, დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა. ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებით აღსანიშნავია, თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG