Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ მწვავედ გააკრიტიკა ტრამპი "მოპარულ არჩევნებზე" განცხადებებისთვის


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მიხაელ ლინკი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მიხაელ ლინკი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მიხაელ ლინკმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა „უხეში ფორმით ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში“, მტკიცებისთვის, რომ არჩევნები მოიპარეს და მოწოდებისთვის, შეწყდეს კანონიერად ჩაბარებული ბიულეტენების დათვლა.

ლინკმა ამის შესახებ გერმანულ გაზეთ Stuttgarter Zeitung-ს განუცხადა 5 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში და „უსაფუძვლო“ უწოდა ტრამპის არაერთ განცხადებას ამ თემაზე.

არჩევნების დღეს, გვიან საღამოს, ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე თქვა, რომ კენჭისყრის პროცესში „სერიოზული თაღლითობა“ მოხდა და განაცხადა, რომ მან გაიმარჯვა, თუმცა ხმების დათვლა არ იყო დამთავრებული და შედეგები არ იყო ნათელი.

5 ნოემბრის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ტრამპის მეტოქეა დემოკრატი ჯო ბაიდენი, გამარჯვებული ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი, ჯერაც მიმდინარეობს ხმების დათვლა.

როგორც ლინკმა უთხრა გერმანულ გაზეთს, ის შიშობს, რომ ტრამპის სიტყვები და მოქმედებები „დიდად შეიძლება გასცდეს არჩევნების ჩარჩოებს“.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ აშშ-ს აღარ შეუძლია ბოთლში დააბრუნოს ჯინი, რომელიც ტრამპმა გამოუშვა“, თქვა ლინკმა.

„დამარცხება რომც აღიაროს და სათანადო წესით განახორციელოს ხელისუფლების გადაცემა, მისი რიტორიკით შეგულიანებულმა მისმა მომხრეებმა შესაძლოა ძალადობა მიიჩნიონ ლეგიტიმურ იარაღად, ვინაიდან ისინი თავს აღარ მიიჩნევენ დემოკრატიულად რეპრეზენტირებულად,“ თქვა ლინკმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG