Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ტელეკომპანიამ დონალდ ტრამპის პირდაპირ ეთერში გამოსვლა შეწყვიტა


აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგი ისევ უცნობია. ჯერჯერობით, დემოკრატი ჯო ბაიდენი ლიდერობს საარჩევნო კოლეგიის წევრთა 253 ხმით. რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 214 ხმა აქვს.

არჩევნებში გასამარჯვებლად კანდიდატს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმა სჭირდება. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არიზონის, ჯორჯიის, პენსილვანიის და ნევადის არჩევანზე. ამ შტატებში ხმების დათვლა გრძელდება.

5 ნოემბერს საღამოს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამოვიდა და განაცხადა, რომ მის ხმებს იპარავენ და თუ კანონიერად მიღებულ ხმებს დათვლიან, არჩევნებში იოლად იმარჯვებს. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე თაღლითობაში დასდო ბრალი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ტრამპმა, რომელსაც ეჭვი შეაქვს ფოსტით მიცემულ ხმებში, განაცხადა, რომ მიზანი საარჩევნო პროცესის მთლიანობის დაცვაა, რომელიც შესაძლოა, უზენაეს სასამართლოში დასრულდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რამდენიმე შტატში, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, ის იმარჯვებს.

მსგავსი განცხადებების გამო დონალდ ტრამპის გამოსვლის პირდაპირ ეთერში ჩვენება შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა ABC-მ, CBS-მა და MSNBC-მ. „ისევ აღმოვჩნდით უჩვეულო მდგომარეობაში, როცა გვიწევს არა მხოლოდ შევწყვიტოთ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა, არამედ შევასწოროთ კიდეც“, - განაცხადა MSNBC-ის წამყვანმა ბრაიან უილიამსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG