Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტთა ალიანსმა" საპროტესტო აქცია რამდენიმე კვირით გადადო


ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსმა“ რამდენიმე კვირით გადადო საპროტესტო აქცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად 7 ნოემბრისთვის ჰქონდა დაგეგმილი. პარტიამ აქცია ჯერ თბილისიდან ქუთაისში გადაიტანა, ხოლო 6 ნოემბერს, საღამოს საერთოდ უარი თქვა მის ჩატარებაზე. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი მიზეზად მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვისგან არის მოსალოდნელი ეს პროვოკაციები.

„გვაქვს ჩვენ ზუსტი ინფორმაცია, რომ ჯერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდნენ ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციებს, ამიტომაც აქცია გადავიტანეთ ქუთაისში. ახლა იქაც იგეგმება პროვოკაციები ჩვენს წინააღმდეგ. ვინ გეგმავს? ამ კითხვას დღეს კომენტარის გარეშე ვტოვებ. ძალიან მალე მოვა დრო, გახდება ყველაფერი ნათელი და ცხადი. ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა დღეს და ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც“.

აქციის გამართვა თავდაპირველად თბილისში, თავისუფლების მოედანზე იგეგმებოდა. ქუთაისში მისი გადატანის მიზეზად ირმა ინაშვილმა დაასახელა „ქართული ოცნების“ ბრალდებები - „თითქოსდა სხვებთან ერთად ვმოქმედებთ ან თითქოსდა რუსეთის დავალებით ვმოქმედებთ ან თითქოსდა ყაჩაღურ თავდასხმებს ვაპირებთ, რაც აბსურდია!“

ინაშვილი აცხადებს, რომ არ აქციის გადადება არ ცვლის პარტიის გეგმებს - გააპროტესტოს არჩევნების შედეგები, ბოიკოტი გამოუცხადოს ახალ პარლამენტს და მოითხოვოს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

„ეს არ ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები არ იქნება და უარს ვამბობთ მიტინგებზე. ჩვენ ვიღებთ რამდენიმე კვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ ერთხელ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე. ვითხოვთ ხელახალი არჩევნების დანიშვნას!“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს არცერთი ის ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა. პარტიები/ბლოკები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლასა და სადეპუტატო მანდატებით სარგებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG