Accessibility links

logo-print logo-print

სტრატეგია აღმაშენებელი: „არჩევნების გაყალბებისთვის ვინმემ პასუხი უნდა აგოს!“


საპროტესტო აქცია ცესკოს წინ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიიტანეს, მათი თქმით, არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ოქმები და საპროტესტო შეძახილებით დაგმეს 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები.

„დროა, ამ ქვეყანაში ადამიანები დაისაჯონ გაყალბებისთვის. ვინმემ პასუხი უნდა აგოს, რათა მომავალში ვერავინ გაბედოს ხმების მოპარვა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 8 ნოემბერს აუცილებლად იქნება პარლამენტთან დანიშნულ საპროტესტო აქციაზე“, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ცესკოსთან მიიტანა, მისი თქმით, არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ათეულობით დოკუმენტი, რომელთა ნაწილი აქციის მონაწილეებმა გააკრეს კომისიის შენობის წინ პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ჯებირზე.

საპროტესტო აქცია ცესკოს წინ.
საპროტესტო აქცია ცესკოს წინ.

„წარმოგიდგენთ ოქმებს, რომლებიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები. 10 და 20 ხმის გაყალბებაზე კი არაა საუბარი, აქ არის საუბარი ისეთ დარღვევებზე, როცა 60-ით მეტი ბიულეტენი ამოვიდა უბანზე, შესწორების 3 ოქმი რომ დაიწერა და მაინც რომ ვერ დაჯდა ბალანსი. აქ არის საუბარი ოქმზე, რომლის მიხედვითაც, 100 ბიულეტენია დაკარგული და ამაზე ცესკო არაფერს არ ლაპარაკობს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე 15%-ს აღემატება ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და არც ამაზე არ აქვს რეაგირება ცესკოს. ასევე გვაქვს ოქმი 200-ის მეტობით: 1-იანი გადააკეთეს 3-იანად და 200-ით გაზარდეს „ქართული ოცნების“ მომხრეების რაოდენობა. ეს არის კონკრეტული მტკიცებულებები. აი, ამ გაყალბებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ ჩვენ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG