Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ავრცელებს ცნობას, რომ შუშას მისი ქვეყნის არმია აკონტროლებს  


ქალაქი შუშა
ქალაქი შუშა

მედია ავრცელებს ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ აზერბაიჯაინის არმიამ დაიკავა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი შუშა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონში. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურს მოჰყავს ალიევის სიტყვები, რომ „შუშა ოკუპაციისგან თავისუფალია“.

სომხური მხარე აცხადებს, რომ ბრძოლა ქალაქისთვის გრძელდება. ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლმა, არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მძიმე და გადამწყვეტი ბრძოლა შუშისთვის.

AP-ს მოჰყავს ალიევის სიტყვები, რომ „შუშა ჩვენია - ყარაბაღი ჩვენია“.

ალიევის განცხადების შემდეგ, 8 ნოემბერს, ბაქოში ქუჩაში გავიდა მოზეიმე ხალხი დროშებით, გაიძახოდნენ ლოზუნგებს, ისმოდა ავტომანქანების სიგნალების ხმა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს მანქანების რიგი, რომლებიც ტოვებენ ისინი სტეფანაკერტს, თუმცა დამოუკიდებელ წყაროებს ქალაქის დატოვების მასშტაბი არ დაუდასტურებია.

ალიევის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.

7 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა და მაკრონმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის ფართომასშტაბიანი შეტაკებების გამო, რომელშიც სირიელი და ლიბიელი მეომრები მონაწილეობენ, წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კოორდინირებულ საშუამავლო ძალისხმევას, მათ შორის, ეუთოს მინსკის ჯგუფში, რომელიც შეიქმნა 1992 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. ამ ჯგუფის თანათავმჯდომარეა აშშ, რუსეთსა და საფრანგეთთან ერთად.

იმავე დღეს პუტინი ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რომელმაც რუს კოლეგას უთხრა, როგორც თურქეთი იტყობინება, რომ სომხეთი უნდა გავიდეს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან და „მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს“.

ქალაქი შუშა, რომელიც საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზე, სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში მდებარეობს, მნიშვნელოვანი სამხედრო დანიშნულების ადგილია, რადგან მდებარეობს დედაქალაქ სტეფანაკერტიდან 10 კილომეტრში მთავარ გზაზე, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლები გაცხარდა სექტემბრის ბოლოდან. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ რუსეთის - ორჯერ, ხოლო ერთხელ, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. თითქმის ექვსკვირიანი საბრძოლო მოქმედებისას ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანს თურქეთი უმაგრებს ზურგს. სომხეთს სამხედრო სფეროში ხელშეკრულება აკავშირებს რუსეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG