Accessibility links

logo-print logo-print

თვალის და სახის ქიმიური დამწვრობა, მოტეხილი ხელი, - კიდევ რა ტრავმები მიიღეს დემონსტრანტებმა


8 ნოემბერს ღამით, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სავარაუდოდ ცრემსადენი გაზი, ასევე რეზინის ხელკეტები გამოიყენა, დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. 

შსს-ში 9 ნოემბერს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ აქციაზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. კლიკებში მოხვდა 10 ადამიანი. დაშავებულთაგან რამდენიმემ თავად მიაკითხა ჰოსპიტალს - შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკა აქციაზე დაშავებულების შესახებ არ არსებობს.

აქციაზე მყოფ მინიმუმ 3 ადამიანს დაზიანებები თვალის არეში აქვს მიღებული. სამოქალაქო აქტივიტი, გოგი ხოჭოლავა რადიო თავისუფლებას უყვება, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა სახეში გაურკვეველი ნივთიერება პულივიტარიდან მაშინ შეასხა, როცა აქციის შედარებით მშვიდ ადგილას, ჟურნალისტებთან ერთად იდგა და ფეისბუქ ლაივის საშუალებით გადასცემდა ინფორმაციას ინტერნეტმომხარებლებს.

გოგი ხოჭოლავას ექიმებმა ტრავმული კონიუნქტივიტის დიაგნოზი დაუსვეს. უთხრეს, რომ მარცხენა თვალზე ქიმიური დამწვრობა აქვს და რომ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში ინტენსიური მკურნალობა სჭირდება, რომ მხედველობა არ დაკარგოს.

როცა გოგი ხოჭოლავა სასწრაფოს ეკიპაჟმა კავკასიის მედიცინის ცენტრში მიიყვანა, ის ვერც ერთი თვალიდან თითქმის ვერაფერს ხედავდა და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო - რამდენიმე საათიანი კონსილიუმისა და დამამშვიდებლების გამოყენების შემდეგ ექიმებმა მისი დახმარება შეძლეს, თუმცა ამ დრომდე არ იცის, რა იყო ის სითხე, რაც მის წინააღმდეგ სპეცრაზმელმა გამოიყენა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განმარტებით, სპეცრაზმელების აღჭურვილობაში შედის ე.წ. წიწაკის სპრეი, და სავარაუდოდ სწორედ ეს აეროზოლი შეასხეს სახეში გოგი ხოჭოლავას მაშინ, როცა ის ჟურნალიტებთან ერთად იდგა. დაშავებული ამბობს, რომ თვალის გარდა მას დამწვარი აქვს სახის და ხელის ფრაგმენტებიც.

კიდევ ერთი აქციის მონაწილე, რომელსაც თვალი დაუზიანდა, ზაზა გუგავაა. მან თავად მიაკითხა კლინიკას, სადაც თვალ-ბუდის დაზიანება დაუდგინდა და როგორც მისი ცოლი წერს ფეისბუქში, ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება. ზაზა გუგავას თვალი წყლის ჭავლმა დაუზიანა მაშინ, როცა ის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველად, გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.

ზაზა გუგავა. კადრი რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერიდან
ზაზა გუგავა. კადრი რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერიდან

აქციაზე გადღებისას წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა TV პირველის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძესაც. პაპუნა ხაჩიძე ერთადერთი ჟურნალისტი არ არის, ვინც 8 ნოემბრის აქციაზე დაშვდა - მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უარყოფს ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენებას, არაერთი დაშავებული ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, კამერა და აპარატურა საპირისპიროს ამბობს.

8 ნოემბრის ღამეს აქციაზე მიღებული დაზიანებებით ჰოსპიტალში მოხვდნენ ფორმულას ოპერატორი გიორგი ჯაფარიძე და ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, ფეხის არეში დაშავდა რუსთავი 2-ის ოპერატორი, წყლის ჭავლის ქვეშ მოყვა რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფიც - დაზიანდა არაერთი ფოტო და ვიდეო კამერა.

წყლის ძლიერმა ჭავლმა შორ მანძილზე გადააგდო და დავარდნისას ხელი მოტყდა “სირცხვილიას” ერთ-ერთ აქტივისტს, სოფო კუჭავას. სოფო იმ დროს, როცა წყლის ჭავლის სამიზნე გახდა, აქციის ხმაურიანი ნაწილისგან მოშორებით იდგა და ფეისბუქ ლაივი მიჰყავდა - პირდაპირი ჩართვა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც დაშავებული სამედიცინო დახმარების მისაღებად იქ მყოფებმა კლინიკაში წაიყვანეს. ტელეფონი კიდევ ცოტა ხანს ეგდო ძირს და იმ ხმებს გადმოსცემდა, რაც აქციაზე ისმოდა - სოფოს კი კლინიკაში აქციის სხვა დაშავებულები დახვდნენ, მათ შორის ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმდენად ტრავმირებული იყო, რომ ვერ იხსენებდა, იქ საიდან ან რატომ მოხვდა.

სოფო კუჟავა
სოფო კუჟავა

აქციაზე დაშავებულთა ნაწილი, მაგალითად სოფო კუჭავა და გოგი ხოჭოლავა სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ დაზარალებულის სტატუსის მისაღებად და იმის დასამტკიცებლად, რომ მათი აქციაზე ყოფნა არანაირი ძალადობრივ ქმედებას არ შეიცავდა და როგორც სოფო კუჭავამ თავისუფლებას უთხრა, ეს იმ ლაივშიც კარგად ჩანს, რომლის დროსაც დაშვდა. ორივე დაშავებული აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს და აიყვანოს ადვოკატი.

დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ეს ორგანიზაცია უწევდა იურიდიულ მომსახურებას 20 ივნისის დაშავებულებსაც - მათ უმეტესობას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, არც ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებებზე დამდგარა კონკრეტული შედეგი.

8 ნოემბერის აქციაზე, წყლის ჭავლის დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება ძალის გადამეტებად და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების დარღვევად შეაფასა საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა ავტორიტეტულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ. ხელისუფლება აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენებას გაფრთხილების გარეშე, პანდემიის პირობებში დემონსტრანტებისგან მომდინარე მყისიერი საფრთხით ხსნის და ამბობს, რომ “არავის არ უხარია” ძალის გამოყენება და ამ გზას მხოლოდ ასეთ უკიდურეს შემთხვევებში იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG