Accessibility links

site logo site logo

TV პირველის ოპერატორს აქციაზე თვალი დაუზიანდა - დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც


ანა ბარათაშვილი, ფორმულას ჟურნალისტი და პაპუნა ხაჩიძე, TV პირველის ოპერატორი;

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის წყლის ჭავლით დაშლისას დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

TV პირველის ოპერტორს, პაპუნა ხაჩიძეს გადაღებისას წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა. ტელეკომპანიის ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება და ოპერაცია უკეთდება.

სახის არეში აქვს წყლის ჭავლისგან მიღებული დაზიანებები ფორმულას ჟურნალისტს, ანა ბარათაშვილს, რომელიც აქციაზე მედიის სამუშაო სატვირთო მანქანიდან გადმოაგდეს.

ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ ოპერატორს წყლის ჭავლის მეორედ გაშვებისას ხელი დაუზიანდა, პირდაპირ ეთერში მუშაობისას.

წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორმა გიორგი ჯაფარიძემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.

აქციაზე მომუშავე გურია ნიუსის ჟურნალისტს დაუზიანდა ტელეფონი, რომლითაც დემონსტრაციას აშუქებდა.

ფოტოკამერა დაუზიანდა OC Medias თანადამფუძნებელ, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს. კამერას სავარაუდოდ ქვა მოხვდა.

ფეხის არეში მსუბუქად დაშავდა რუსთავი 2-ის ოპერატორი, დაზიანდა მისი კამერაც.

on.ge-ს რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ფეისბუქზე წერს, რომ აქციაზე გაშვებულმა აირმა თვალების და ყელის წვა გამოიწვია და მიუხედავად იმისა, რომ შსს არ ადასტურებს ცრემლსადენი აირის გამოყენებას ცესკოს შენობასთან, ხატიას თქმით, ერთხელ ან შესაძლოა ორჯერაც, აირი ნამდვილად იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ.

აქციაზე წყლის ჭავლის ქვეშ მოყვა რადიო თავისუფლების ორი გადამღები ჯგუფი, დაზიანდა კამერაც.

მედიის წარმომადგენელთა უმეტესობა აქციიდან პირდაპირი ჩართვის რეჟიმში საგანგებო მანქანებიდან მუშაობდნენ და რამდენიმე მათგანი წყლის ჭავლმა მანქანის სახურავებიდან ჩამოაგდო.

ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ აქციის მსვლელობისას ხელისუფლებას მოუწოდა, დაცული ყოფილიყო ჟურნალისტების უსაფრთხოება.

8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტების წინააღმედეგ ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. ვრცელდებოდა ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზეც, რასაც შსს უარყოფს.

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები წყლის ჭავლის გამოყენებას ძალის გადამეტებად აფასებენ. ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციამ ჭავლი დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართ მყისიერად მომდინარე საფრთხის გამო გამოიყენა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG