Accessibility links

ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე შემდეგ აქციას გამართავს 14 ნოემბერს, 15:00 საათზე


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას გააცნო ოპოზიციის მოქმედების უახლოესი გეგმა. როგორც მელიამ მიმართა შეკრებილებს, შემდეგი საპროტესტო აქცია ჩატარდება ისევ რუსთაველის გამზირზე შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე.

მელიას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი მას მიიჩნევს პირად მოწინააღმდეგედ. „ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ", - ამბობს მელია და ხელისუფლებას მიმართავს, - „თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა“.

რუსთაველის გამზირზე ამჟამად მიმდინარე აქცია 22:00 საათის შემდეგ არ გაგრძელდება, თუმცა აქტივისტების ნაწილი აპირებს დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად დილის 05:00 საათამდე პარლამენტის წინ დარჩეს.

„აქ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ნაწილი მათგანი უკვე წარსდგა თქვენ წინაშე, ვინც აპირებს დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩენას და პროტესტის გაგრძელებას, მაგრამ სწორად გამიგეთ, ძალიან დიდ პატივს გცემთ თქვენ, თითოეულ თქვენგანს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ოპოზიციური გემოვნებისა, რომელიც აღარ არსებობს, იმიტომ, რომ პოლიტიკა აღარ არსებობს. ერი ვართ აქ შეკრებილი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლები", - აღნიშნავს მელია და შეკრებილებს მიმართავს, - „ვერც ერთ თქვენგან ვერ დავავალდებულებ, რომ დარჩეთ. მე ბუნებრივია, აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად თქვენ თუ არ დარჩებით, ამით ჩვენ შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას. იმიტომ, რომ ახალგაზრდები რჩებიან. ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ბებიები, ბაბუები, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ახალგაზრდების ნაწილი, ყველანი უნდა დავრჩეთ. ძალიან უხერხული ასახსნელია, მაგრამ მოცემულობა ისეთი შექმნა ამ რეჟიმმა რომ ჭკუით უნდა ვიბრძოლოთ".

როგორც ნიკა მელია ამმბობს, 22:00 საათის შემდეგ აქციაზე დარჩენა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია. „ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ეს რეჟიმი, რომელიც ისეთ სპირალშია შემძვრალი, საიდანაც ვეღარ გამოვა. ეს არის დროის საკითხი", - აღნიშნა მელიამ.

რუსთაველის გამზირზე აქცია, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 8 ნოემბერს, სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG