Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადების შემდეგ თემა ამოწურულია


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„პირველი განცხადება მისი [გრიგოლ ვაშაძის] იყო, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და ის პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობის და ბრძოლისთვის, მაგრამ იმ განმარტებებით, რაც შემდეგ გაკეთდა, მიმაჩნია, რომ ეს თემა ამოწურულია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გრიგოლ ვაშაძის განცხადებების კომენტირებისას. მან აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს,“ „გირჩის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ დღევანდელი განცხადება გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების თაობაზე, არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსის ამა თუ იმ განცხადებას:

„ის, რაზეც ჩვენ დღეს შევთანხმდით და ვსაუბრობთ, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის. ის, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, რომ ძალადობის სპირალში ჩაითრიოს ქვეყანა, არის განუზომლად მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე განცხადება. ის, რომ ოპოზიცია არის ერთიანი პარლამენტში არშესვლის ბოიკოტში და მზად ვართ დიალოგზე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე განცხადება. ამიტომ, ნუ ვეცდებით, ხელოვნურად ვიპოვოთ კავშირები და ბმა. დღეს ჩვენ გაგაცანით 4 პოლიტიკური პარტიის ხედვა, როგორ უნდა წავიდეს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, იმედი მაქვს, ამ ხედვას გაიზიარებენ სხვა პარტიებიც და ეს განცხადება გახდება საფუძველი საერთო ოპოზიციური მოქმედებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ 4 პარტიის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. მოგვიანებით ამ პარტიებს შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობაც“.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ. მოგვიანებით მან განმარტა, რომ მისი განცხადება ნიშნავს მოქალაქეთა პროტესტისთვის პოლიტიკური კომპონენტის დამატებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG