Accessibility links

site logo site logo

ზალკალიანი: სენატის კანონპროექტში არ არის საქართველოს დაფინანსებასთან დაკავშირებული დათქმა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 2020-2021 ფისკალური წლის აშშ-ის საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია, რომლის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა.

სამინისტროში დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ პროექტის ამავე ქვეთავში მოქცეულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი - კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობები.

ზალკალიანის შეფასებით, კანონპროექტი ცხადყოფს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი აშშ-ის საკანონმდებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, საქართველოსთან ურთიერთობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება მთლიანად ევროპის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის წარმომადგენელთა პალატის მიერ ივლისში მიღებულ ვერსიაში არსებული დათქმა, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს დაფინანსების 15%-იან შეზღუდვასთან. „რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ქვეყნის ურთიერთობა,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

2020 წლის ივლისში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა, არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივნის შეფასებებზე, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG