Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც საქართველომ შეიძლება აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 224 ხმით, 189 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ. კანონპროექტში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 2021 წელს დახმარების სახით გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი.

კანონის ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივნის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.

ამავე დროს, კანონის შესახებ კომიტეტის ანგარიშში დაზუსტებულია საქართველოსთან დაკავშირებული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარების სრულად მისაღებად.

ანგარიშში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისთვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალს დაემატა ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის ზეგავლენების შეზღუდვასთან თუ საარჩევნო რეფორმის ეფექტიანად განხორციელებასთან, ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

კონკრეტულად, უნდა შეფასდეს ხელისუფლების საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით:

საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი განხორციელება;

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე;

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით;

სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენების შეზღუდვა მთავრობის საქმიანობაზე და ასევე კანონებისა და რეგულაციების დამტკიცების პროცესზე.

საბიუჯეტო კანონპროექტი 6 ივლისს დაამტკიცა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა, 9 ივლისს კი - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა.

ასევე ნახეთ:

2021 წელს საქართველოს მიერ აშშ-ის დახმარების სრულად მისაღებად შესაძლოა "ოლიგარქების ზეგავლენის" შეზღუდვაც გახდეს საჭირო

კუჭავა ოპოზიციაზე: ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ წინასაარჩევნო კამპანიის აგებას

სამადაშვილი: "ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის დახმარებას დასავლეთიდან"

პროცესი აშშ-ის კონგრესში: ლაპარაკია საქართველოსთვის დახმარების შემცირებაზე

აშშ 2020 წლის აქტით საქართველოს 132 025 000 აშშ დოლარს გამოუყოფს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG